დაშბაშის კანიონზე 240 მეტრიანი შუშის ხიდი გაკეთდება
საქართველოში დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნული პარკში – „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“დაშბაშის კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია. სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. დაშბაშის კანიონის ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა. პროექტი ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები”,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გარდა ამისა, კომპანია KASS LAND ლაგოდეხში უნიკალურ პროექტს ახორციელებს, სადაც კენწეროების ბილიკი მოეწყობა.