იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს და შვილებს სახლის დატოვება მოსთხოვა – პროკურატურის განცხადება მიხეილ გრემელაშვილზე

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2020 წლის ივნისში მ.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და შვილს 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და  მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს სახლის დატოვება მოსთხოვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები