თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე – თამარ კაპანაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

” ბრალდებულთან შევათანხმებ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს. ჯერჯერობით მხოლოდ აღკვეთი ღონისძიება შეუფარდეს – პატიმრობა , შემდგომში ჩატარდება გამოძიება, არსებითი განხილვა და მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ილია ოთარაშვილმა.

ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა პროკურორი, ნატო ბურთიკაშვილი, რომლის განმარტებითაც, ბრალდებულის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მოტივს გენდერული დისკრიმინაცია წარმოადგენდა.

” დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიება,პატიმრობა და შესაბამისად გრძელდება გამოძიება. რაც შეეხება ბრალს, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მოტივი იყო, როგორც დადგინდა, გენდერული დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა ქალი წევრების მიმართ ოჯახში”,- განაცხადა პროკურორმა, ნატო ბურთიკაშვილმა. მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები