ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისს ეწვია
ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტო ქუთაისის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენელსა და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რეფორმის ხსენებული მიმართულების ფარგლებში, ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები განიხილეს და გეგმურ აქტივობებზე ისაუბრეს, რომელიც მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განსავითარებლად უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება „მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას“, ეს სააგენტოს რეფორმის 9 მიმართულებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტულია და გულისხმობს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების საჭიროებებზე დაყრდნობით, პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას და შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.
ამ მიმართულებით სააგენტომ, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, არაერთი ნაბიჯი გადადგა. სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას 4 ეტაპად ახორციელებს. ამასთან, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.