თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ – დავით გოგბერაშვილთან ერთად საზანოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის – 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 124 000 ლარით ფინანსდება, შპს “ჯავა” ასრულებს.
“სამუშაოები უკვე დაიწყო 10 საჯარო სკოლაში, სადაც რეაბილიტაციის ფარგლებში ,ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით , ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “მტმ” მიერ, სველი წერტილები მოეწყობა. 4 სკოლაში კი სამუშაოები უახლოეს მომავალში, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14 – ს კი რეაბილიტაცია უტარდება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.