სოფელ ჩუმლაყში ინფიცირებულ ტრაილერის მძღოლთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ინფიცირებულ ტრაილერის მძღოლთან კონტაქტში მყოფ 20 პირს “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან დაადასტურა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში რჩებიან.
” სოფელ ჩუმლაყში შემოტანილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდან, მოძიებული და გატესტილი იქნა 20 პიროვნება. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში, კახეთიდან ლუგარის ცენტრში 106 ნიმუში გაიგზავნა და ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 104 მოქალაქე რჩება.
ცნობისთვის, კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში დღემდე 7215 ნიმუშია გაგზავნილი.