დაუვიწყარი ადგილი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის- მაღალმთიანი აჭარა ტურისტების მისაღებად მზადაა

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ექსპერტები ტურიზმის მიმართულებით არსებულ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ერთადერთი ხსნა შიდა ტურიზმის განვითარება და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციაა. ამ მიმართულებით კი უკვე მუშაობენ და შეიძლება ითქვას საკმაოდ წარმატებულადაც.

​”რეგიონული კვირა“ დღეს მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ კი მახუნცეთში მოწყობილ ტურისტულ მარშრუტზე გიამბობთ, რომელიც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ძალიან დააინტერესებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი, ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად, მდინარე ,,აჭარის წყალზე“ იმყოფებოდა და ჯომარდობაშიც მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი აქტივობა ტურისტს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა, მიუხედავად იმისა რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრები მხოლოდ 5 ქვეყანასთან იხსნება, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს იმედი აქვთ, უცხოელებთან ერთად, შიდა ტურისტთა დიდი ნაწილი სწორედ საქართველოში არსებული სხვადასხვა სერვისით დაინტერესდება. მას კი, ვინც მდინარე აჭარის წყალზე ჯომარდობას გადაწყვეტს, საუკეთესო ინსტრუქტორები მოემსახურებიან.

როგორც ,,რეგიონულ კვირას” ერთერთმა ინსტრუქტორმა, ფრიდონ კახიძემ უთხრა, გატაცება საქმიანობის სფეროდ აქცია და უკვე ოთხი წელია, რაც  დრიფტინგითაა დაკავებული. ამბობს, რომ წყალთან ურთიერთობა მისთვის სასიამოვნო პროცესია.

ჯომარდობისთვის ინსტრუქტორი მომხმარებელს ყველა წესის გათვალისწინებით ამზადებს, უხსნის – როგორ უნდა მოიქცეს წყალში ყოფნისას -,,არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ მგზავრებს განსაკუთრებული დახმარება დასჭირვებოდათ ჩემი. ყოველთვის ემორჩილებიან წესებს. საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. როცა წყლის დონე დიდია აუცილებლად იცის მომხმარებელმა. ჯომარდობაში 3 წლამდე ბავშვების მონაწილეობა აკრძალულია, სამიდან კი, იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დაბალია წყლის დონე და დინებაც არ არის. ამ შემთხვევაში აქტივობაც უფრო ფრთხილია“,-გვიყვება ფრიდონ კახიძე.

მისთვის კონსტრუქტორობა დიდი პასუხისმგებლობაა – ” მაქსიმალურად ვცდილობ უღალატოდ და შეცდომების გარეშე შევასრულო ჩემი საქმე. როცა სხვების სიცოცხლე გაბარია, შენს თავზე ვეღარ ფიქრობ. ეს საქმიანობა საფრთხის შემცველიცაა რა თქმა უნდა, მაგრამ გამოცდილებაც დიდი გვაქვს და ისეთი შემთხვევაც არ გვქონია განსაკუთრებული”.

როგორც კახიძე გვიყვება, სტუმარს 15-20 წუთიანი ინსტრუქტაჟი უტარდება. რომლის დროსაც გამოცდილი კაიაკერი ტურში მონაწილეებს ნავის აგებულებასა და მოქცევის წესებს აცნობს.

“ჩვენ ვიზუალურად, მოძრაობების საშუალებით ვუხსნით მონაწილეებს ნავში სწორად ჯდომისა და ნიჩბის მოსმის წესებს. ამის შემდეგ ვიწყებთ ტურს. ვიზიტორი ყოველთვის არის. ბათუმიდანაც უამრავი ადამიანი მოგვმართავს, ყოველდღიურად გვაქვს გასვლები, რა თქმა უნდა თუ ამინდი შესაბამისია. ვფიქრობ უცხოელები ვერ გვეყოლება წელს კორონავირუსის გამო, თუმცა შიდა ტურისტი აუცილებლად გვეყოლება”,- ამბობს ინსტრუქტორი.

თვლის, რომ ამ სფეროს განვითარების პოტენციალი დიდია, რადგან ეს ის სფეროა რომელიც ზღვა ადრენალინთანაა დაკავშირებული – “ვფიქრობ, რომ აქვს განვითარების პოტენციალი. ეს რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებას მოგვიტანს.”

დრიფტინგი, ანუ ჯომარდობა საქართველოში გასული საუკუნის 60-70 წლებში გახდა პოპულარული. მდინარეებზე, მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, რეზინის ნავები ეშვება და მოჯომარდეები დრიფტინგს აწყობენ. მახუნცეთში ჯომარდობა 4 წელია რაც ყოველ ზაფხულს იმართება.

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები