თელავის საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” მიხეილ გრემელაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თელთელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ “პატრიოტთა ალიანსი” საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
“აღსანიშნავია, რომ მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და ის არის სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგვიანებით კი ,,პატრიოტთა ალიანსის” სხვა წევრებთან ერთად დააფუძნა ფრაქცია „თელავის პატრიოტთა ალიანსი“. ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, საჭიროდ მივიჩნევთ, შეფასებაში ვიყოთ ობიექტურები და პროცესის მიმართ ადეკვატურები. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა, მით უფრო, როცა საკითხი ოჯახს და მოზარდებს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მისი ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების მიმართ. გრემელაშვილის დაპატიმრება ვერ შეცვლის მისი ოჯახის დღევანდელ მდგომარეობას. დეპუტატმა გრემელაშვილმა დაუშავა როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ასევე თავის თავს. ჯობია, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახს. მომხდარს სამართლებრივი სახე უკვე მიეცა და იმედი გვაქვს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“,–ნათქვამია თელავის საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” განცხადებაში .
შეგახსენებთ, მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.