ახალციხეში საძოვრების მოთხოვნით აქცია გაიმართა – პროტესტის მონაწილეები ხელისუფლების წარმოამდგენლებს შეხვდნენ
ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობას 70-მდე ადამიანი იღებდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო. პროტესტის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სათიბებში ასობით ცხვარს და ძროხას დაქირავებული მწყემსები აძოვებენ.
“ზამთარი მოდის, რა უნდა ვქნათ პირუტყვს ხომ ჭირდება საძოვარი. ჩვენც ხომ გვჭირდება ადგილები საქონლისთვის. მეორედ გავმართეთ აქცია, ყურადღებას არავინ გვაქცევს. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით და ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. პირველი აქციიდან ორ კვირაზე მეტია გასული, მაგრამ შედეგი არაფერია. ხან ვინ გვპარავს საქონელს და ხან ვინ”,- განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.
მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.
“ახალციხეში ჩამობრძანებული იყვნენ რამდენიმე სოფლის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი გულისტკივილი გამოხატეს. ვისაუბრეთ მათ სათიბ-საძოვრებზე, სადაც სხვა ადგილებიდან ჩამოსული ფერმერები იყენებენ ამ ადგილებს. ეს საკითხი შესწავლის პროცესშია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გარდა ამისა, ამ საქმეში ჩართულია პოლიციის დეპარტამენტი, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერმა.
ზაზა მელიქიძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად შეეცდება გამოხატოს მხარდაჭერა ადგილობრივი ფერმერების მიმართ.