ავარია მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროსკენ მიმავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა, სოფელ ქვაბღის მიმდებარედ ხიდზე გადასვლისას მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არის 8 თვის ჩვილი.
ოთხი დაშავებული “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ორი ზრდასრული უკვე გაწერეს კლინიკიდან.
“ამჟამად, ჩვენთან ორი არასრულწლოვანი იმყოფება, დაკვირვების ქვეშ გვყავს ორივე მათგანი. ისინი ჩვენთან მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ, თუმცა მათი დაზიანებები არ ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში”, – განაცხადა ანტონ ხუნდაძემ.
ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მგზავრი კი კლინიკაში – “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” გადაიყვანეს. ერთი მათგანი ამ დრომდე გადის მკურნალობას.
“ორი დაშავებული შემოიყვანეს, ერთი მათგანი რეფერირებულია ქუთაისში, ყბის ძვლის მოტეხილობით, სჭირდებოდა ყბა – სახის ქირურგია. ამჟამად ჩვენთან ერთი ქალბატონი გადის მკურნალობას, ტვინის შერყევით და ნეკნის მოტეხილობით, კვლევები უტარდება და იმყოფება დაკვირვების ქვეშ”, – თქვა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა თემურ კოროშინაძემ.
“რეგიონულ კვირას” შს სამინსიტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მმიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.