ფოთში, უხვი ნალექის გამო, მრავალსართულიანი კორპუსების მოსახლეობას პრობლემები შეექმნა
ფოთში მოსული უხვი ნალექის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ერეკლე მეორესა და ჭანტურიას ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში, სადაც გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წვიმამ დაუზიანათ საყოფაცხოვრებო ნივთები და ისინი დახმარებას ითხოვენ.
“ერთი კვირის წინ შენობას გადახსნეს ტოლი , რას ელოდებოდნენ არ ვიცი . შაბათს ნაწილობრივ დაასხეს ბეტონი და იქ სადაც ვერ მოასწრეს ცელოფანი გადაფარეს , ეს არის სამარცხვინო, ცელოფანი დაიცავდაა ასეთ ნალექს . როგორც გარეთ , ისე წვიმს ოთახებში, ყველაფერი გაგვინადგურდა, საშინელ დღეში ვართ. სად არ დავრეკეთ და ამ დრომდე არავინ არ გამოჩენილა , ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა”,- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
ფოთში უხვი ნალექი დილის 6 საათზე მოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა , წყალმა ეზოებში და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია.
,,ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სატუმბმა სადგურებმა ვერ იმუშავა და სწორედ ამიტომ დაიტბორა ქალაქის გარკვეული ნაწილი. ხომ უნდა ჰქონდეთ გენერატორი ასეთი შემთხვევვებისთვის. ყოველ წელს ერთდაიგივე პრობლემა რატომ უნდა გვაწუხებდეს,“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ზაზა ნოზაძე.
ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებები.
,,ყველა სატუმბო სადგური მუშაობს გამართულად , უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ბინები , სადაც მიმდინარეობდა გადახურვითი სამუშაოები. ამჟამად მუნიციპალიტეტს მობილიზებული აქვს მთელი ძალები იმისათვის, რომ შემცირებულიქნეს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი.პარალელურ მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები და მიმდინარეობს მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა,“- განაცხადა ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა.