ახალი სახლები შეჭირვებული ოჯახებისთვის – ზუგდიდის მერიის ინოვაციური პროექტი გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ექსკლუზიური პროექტის ფარგლებში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 2015 წლიდან, ოთხი წლის განმავლობაში, 117 საცხოვრებელი სახლი აშენდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, ახალმოსახლეთა შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, მარტოხელა დედები და სხვა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გამოირჩევა სოციალური პროგრამებითა და ქვე-პროგარმებით. ჩვენ გვაქვს 40-ზე მეტი სოციალური პროგრამა და ყოველწლიურად ხდება პროგრამების დახვეწა, გამომდინარე იმ საჭიროებებიდან-მომართვებიდან, რასაც ჩვენ მოქალაქეთა მხრიდან ვიღებთ. ყველა პროგრამა ჩვენს ბიუჯეტში მაქსიმალურად არის ასახული“,– ამბობს კონსტანტინე კაკავა.
სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წევრები შედიან, მიმდინარე წლის ბოლომდე, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 24 ოჯახს, ახალი სახლი აუშენდება.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას თქმით, შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. ყველაზე შეჭირვებული 24 ოჯახი, რომლებსაც მიმდინარე წელს სახლი აუშენდებათ , სპეციალურმა კომისიამ ხმის მიცემის წესით გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.