ხობში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა,მათ შორის ორი არასრულწლოვანია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
არსებული ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა შვიდი დაზარალებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმა და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.
როგორც „რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.