ახალციხეში სურსათის მაღაზია დაიწვა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე სურსათის მაღაზია დღეს, დილის 5 საათზე დაიწვა.
როგორც თვითმხილველება “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლი შეიმჩნეოდა.
“ცეცხლი დილის საათებში გაჩნდა. მაღაზიის გვერდში ფურნეა, შეიძლება იმისგან იყოს გამოწვეული. დილით გზაც გადაკეტილი იყო და მეხანძრე-მაშველები ცეცხლს აქრობდნენ. გვერდზე არაფერია დამწვარი, მხოლოდ მაღაზია”,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.