“ცაგერში ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის დაახლოებას“
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი პროექტი-„გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ და „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის შედეგობის ამაღლება COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ“ ხორციელდება.
პროექტების ფარგლებში შექმნილია სამუშაო და საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც პირველადი სამუშაოები ჩაატარეს და მონიტორინგით გამოვლენილი ანგარიში თვითმმართველობას რეკომენდაციების სახით უკვე წარუდგინეს.
„მეწარმე ქალთა“ ფონდის წარმომადგენლები ანჟელა ჩიხლაძე და ნატრული ნაჭყებია პროქტების განმახორციელებელ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფის წევრებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განსახორციელებელი ღონისძიებების ეფექტურად წარმართვის გზებზე ისაუბრეს. როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზურაბ ხეცურიანმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება-„ასეთი სახის პროექტები ხელს უწყობს თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო დაახლოებას, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გამოთქვამს სრულ მზაობას მონიტორინგის მიერ გამოვლენილი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბევრი ხარვეზი არ გამოვლენილა“-განაცხადა ზურაბ ხეცურიანმა.
პროექტებს მუნიციპალიტეტში ორი აარასამთავრობო ორგანიზაცია-„ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“; „აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“; კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმის“; „მეწარმე ქალთა“ ფონდისა და იმერეთის მეცნიერთა კავშირის – “სპექტრი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტი-„გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ 2 წლის, ხოლო „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის შედეგობის ამაღლება COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ“-9 თვის მანძილზე განხორციელდება.
პროექტები „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებით ხორციელდება.