მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ – ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა.
გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მსგავსი ტიპის პროექტები უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დევნილი მოსახლეობისთვის სახლების მშენებლობა მომავალშიც იგეგმება.
„დღეს ჩვენ მოვინახულეთ მარნეულში 31 სახლის მშენებლობა. ეს არის პირველი პილოტური პროექტი, რომელიც მიმდინარეობს გერმანიის მთავრობის დახმარებით . ამ პროექტის ბიუჯეტი არის 10 მილიონი ევრო. შემდგომში დამატებით იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოში 22 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 100 სახლის მშენებლობა. უკვე გამოცხადებულია განაცხადების მიღება. ჩვენ კონკრეტულად ვიცით ვინ დასახლდება ამ 31 სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში გახლავთ ის, რომ ამ სახლების მშენებლობაში დევნილი მოსახლეობაა დასაქმებულები. ეს არის ერთგვარი მოტივაცია და თან ამ მშენებლობის პერიოდში აქვთ ანაზღაურებაც. თიოთოეული სახლი განთავსებულია 2000კვ. მიწის ნაკვეთზე,რაც საშუალებას აძლევს დევნილ მოსახლეობას აწარმოოს სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და ვთვლი, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ დევნილი მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების მშენებლობას, ეს ნამდვილად აისახება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შემდგომ კეთილდღეობაზე“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გნაცხადებით, გერმანიის და საქართველოს მთავრობა მრავალი წელია მუშაობს დევნილებისათვის სახლების ასაშენებლად.
„მრავალი წლის განმავლობაში, გერმანიის მთავრობა , საქართველოს მთავრობასთან ერთად, მუშაობს იმაზე, რომ დევნილებისთვის გამოყოფილი და აშენებული იყოს საცხოვრისი. ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ დევნილებს შევუქმნათ კარგი საცხოვრისები და კარგი პირობები. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ხდება აქ მარნეულში, სადაც ჩვენ ვაშენებთ პატარა სოფელს 31 ოჯახისათვის. იმედი მაქვს, რომ იმ მოსახლეობას, რომელიც აქ დასახლდება, ექნება საუკეთესო პირობები.მინდა, ვუსურვო წარმატებები და ადამიანის ღირსებისთვის შესაფერისი ცხოვრება“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.