ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა არის მზად კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არასტაბილური სტატისტიკა კორონავირუსთან მიმართებაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
“არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში, გვყავს საკარანტინო სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.
ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღესდღეობით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაფართოებას არ ვგეგმავთ.
14 ივნისის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც, ჩვენ ვხსნით აუზებსა და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.