მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა ხაშურის პროკურატურასტან აქცია გამართეს
მოკლული ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა ხაშურის პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. გარდაცვლილის ოჯახმა, რუსთავის სასამართლოს 4 ივლისის გადაწყვეტილება, მკვლელობაში ბრალდებული ერთერთი პირის – გიორგი ასათიანის გათავისუფლების შესახებ, გააპროტესტეს. ოჯახის განცხადებით, შონიას წინააღმდეგ საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ არ გაითვალისწინა და პატიმრობიდან უკანონოდ გაათავისუფლა.
საპროტესტო აქციის დროს გარდაცვლილი დავით მუმლაძის დედა შეუძლოდ გახდა, რის შედაგადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ჩემი შვილი პოლიციელებმა მომიკლეს. წაიყვანეს სამმა პოლიციელმა , გადასცეს ჯღარკავას და ასათიანს . სასტიკ მდგომარეობაში მიწამეს.23 ღრმა ჭრილობით და დასერილი, ისიც არ აკმარეს მტკვარში გადამიგდეს. 5 დღის შემდეგ შევიტყვე ჩემი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ. მე მოვითხოვ გათავისუფლებული ასათიანის დაჭერას. რატომ დაუშვა იმ მოსამართლემ ასეთი განაჩენი, როდესაც ყველა ფაქტი წინ ედო“ -ამბობს მოკლული დავით მუმლაძის დედა.
დავით მუმლაძის დის, ნანა მუმლაძის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ასათიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურაც არ გაიზიარებს.
„რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის აფსურდული. დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებას არც პროკურატურა დაეთანხმება. გიორგი ასათიანის გათავისუფლება ჩემი ოჯახისთვის იყო სრული შოკი. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებისა. ამ ადამიანმა გაიტაცა ჩემი ძმა, ამ ადამიანის მანქანაში აღმოჩნდა ჩემი ძმის დიდი ოდენობით სისხლი , თუმცა რატომღაც ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ვის ეკუთხვნოდა ეს სისხლი. ჩატარდა ხელმეორედ ექსპერტიზა და ველოდებით ამ პასუხს და ველოდებით გიორგი ასათიანის ხელახლა დაკავებას რადგან ის არის ჩემი ძმის – დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელი“, – ამბობს ნანა მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ სურამში მცხოვრები 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ დადეშელი მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.