“არ მინდა ჩემს შვილებს იმედები გავუცრუო, იქამდე ვიყოლიებ ფუტკრებს სანამ შემეძლება” – 58 წლის მეფუტკრის ისტორია

თამარ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ცხოვრობს. სამი წლის წინ, შვილების თხოვნით, გადაწყვიტა საოჯახო მეურნეობა დაეწყო. იყიდა სკები, შეიძინა ფუტკრებიც და ასე დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

იმის გამო, რომ 58 წლის მეფუტკრემ შვილები სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვა, სკებთან მარტო დარჩა. როგორც „რეგიონულ კვირას“ თავად უყვება. ამ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა ინტერნეტისა და გამოცდილი მეფუტკრეების დახმარებით, ძირითადი საკითხები შეისწავლა.

„სამი წელია ამ საქმეს მივყვები. ძალიან ძნელი ყოფილა, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოც. შვილების თხოვნით დავიწყე ფუტკრების მოშენება, მაგრამ მერე მარტო აღმოვჩნდი. არ მინდა ჩემს შვილებს იმედები გავუცრუო, იქამდე ვიყოლიებ ფუტკრებს სანამ შემეძლება. როცა ვეღარ შევძლებ ჩემს შვილებსაც ვასწავლი და მერე ისინი განაგრძობენ“,- ამბობს თამარი.

მეფუტკრე „რეგიონულ კვირას“ თავისი პროდუქციის რეალიზაციაზეც ესაუბრა. როგორც თავად ამბობს, ამ სფეროში სახელის დამკვიდრება ძნელი აღმოჩნდა, თუმცა ეს საკითხი დღეს მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.
„მეგონა ხალხს რომ ვეტყოდი სუფთა თაფლი მაქვს, ნატურალურია და საკუთარი ხელით გაკეთებული-მეთქი დაიჯერებდნენ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ახალციხის აგრარულ ბაზარშიც და მთელს რაიონშიც სახელი დავიმკვიდრეთ და საკმაოდ მოთხოვნადიც გავხადეთ ჩვენი პროდუქცია. აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებსაც და შეკვეთებს ვიღებთ“,- ამბობს მეფუტკრე.

58 წლის თამარი ფუტკრების გარდა, სათბურს, ჟოლოს, მოცხარს, ჯონჯოლსა და სხვა ხილ-ბოსტნეულს უვლის. „რეგიონულ კვირას“ სამომავლო გეგმებსაც უმხელს და ამბობს, რომ თავისი მეურნეობის გაფართოებას აპირებს.
უფრო მეტს თამარ გელაშვილისა და მისი ცხოვრების შესახებ “რეგიონული კვირის” სიუჟეტიდან გაიგებთ:

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები