ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და, საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან – 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.

“გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ, მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ), დაახლოებით, 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით – ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება.

ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებსა და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები