ხობში კოლხური ხოხბის მეურნეობა მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს, მეურნეობა ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას მოიცავს.

მათივე ცნობით, გარეულ ფრინველთა მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ, სააგენტოს წარმომადგენელთან – გოგი ქირიასთან ერთად დაათვალიერა.

“ფერმაში კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები ჰყავთ. სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან. მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს 10 ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი. სამომავლოდ იგეგმება მზესუმზირის დათესვა და მცენარეთა ენდემური ჯიშების სანერგეების მოწყობა. კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება. მეურნეობის საქმიანობის ძირითად მიზანს კოლხური ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება წარმოადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები