წყლის მიწოდების მოთხოვნით სოფელ ჯორჯიაშვილში ადგილობრივებმა აქცია გამართეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობამ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.
ადგილობრივები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოსავალი თითქმის გაუნადგურდათ. აქციაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ.
როგორც ერთ-ერთი მოსახლე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, წყალი 10-დღიანი ინტერვალით მიეწოდებათ. 10-დღიანი ინტერვალი კი მოსავლის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ისინი მოსავლის გარეშე დარჩებიან.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში აქცია უკვე დასრულდა. მოსახლეობა და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა მერიისა და ადგილობრივებს შორის და საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.
ცნობისთვის, 13 მაისის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე.
პროექტის ღირებულება ჯამში 2 700 000 ლარს შეადგენს.