ეროვნული გამოცდები იწყება – როგორ ხვდება ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტებს
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან იწყება. პანდემიის შემდეგ მთლიანად შეცვლილია გამოცდის ჩაბარების წესები, აბიტურიენტებს სავალდებულო რეკომენდაციების დაცვა მოუწეევთ.
ხვალ – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ზუგდიდის N2-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 295 აბიტურიენტს ელოდებიან. ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, საგამოცდო ცენტრის პესონალი, ბოლო მითითებებს იღებს.
ეროვნული გამოცდები, ისევე, როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ასევე სამეგრელოს საგამოცდო ცენტრებში – ზუგდიდსა და ფოთში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებითა და შეცვლილი პროტოკოლით ჩატარდება. ვინაიდან, გამოცდებზე გამოსაცდელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მაქსიმალურად იყოს დაცული.
გამოცდაზე ყოველი აბიტურიენტის სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით. აბიტურიენტებმა გამოცდაზე პირადობასთან ერთად სავალდებულოა იქონიონ პირბადე, მათ ასევე გამოცდაზე სასმელი წყლის შეტანა შეეძლებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები კი 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იქნება 24 საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.