“დახატე ლეჩხუმი“ – პლენერი საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის უღელტეხილზე მოწყობილი გადმოსახედიდან პლენერი -„დახატე ლეჩხუმი“ გაიმართა. იდეის ავტორი  რაჭა-ლეჩხუმში სოფლის კერების გამაცოცხლებელი ლექსო ჩარკვიანია. როგორც იდეის ავტორი „რეგიონულ კვირასთან“ ყვება, სოფლებში მიტოვებული სახლების   გაცოცხლების კამპანიიდან  ერთი წლის თავზე პლენერის იდეა „დახატე ლეჩხუმი“ განახორციელა.
„მოვძებნე მხატვრები, ავუხსენი რა და როგორ  მინდოდა გამეკეთებინა. მომისმინეს და სრულიად უანგაროდ გამომყვნენ ამ იდეის განსახორციელებლად“-ამბობს ლექსო.
მისი განცხადებით, ღონისძიებიდან სათავეს აიღებს ლეჩხუმის დახატვის ფესტივალი, გაიზრდება მისი მასშტაბები და ლოკაციის ადგილი.
„გაისისთვის უფრო მასშტაბურს გავაკეთებთ, მხატვრები სხვადასხვა ქალაქებიდან და უცხოეთიდანაც შემოგვემატებიან. ასეთი ღონისძიებები ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად, შეუწყობს ხელს”, – აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
მხატვრებმა  ლეჩხუმზე 4 ტილო შექმნეს. როგორც  იდეის ავტორი ამბობს, ტილოები გამოფენებზე გაიყიდება და შემოსული თანხის ნაწილი მხატვრებს, ხოლო ნაწილი კვლავ სოფლების გაცოცხლების კამპანიას მოხმარდება.

„რეგიონული კვირა“  ქუთაისელ მხატვარს ლევანი გოგიტაძეს გაესაუბრა, ხელოვანის განცხადებით, ლექსო ჩარკვიანმა ამ აქციით ისეთი თემა წამოიწყო, რომელიც ყველა ხელოვანს დააინტერესებს და გაახარებს.
„ლექსოს წინადადებას ოთხი მხატვარი შემოთავაზებისთანავე დავთანხმდით. ის ყველაფერს უანგაროდ და გულწრფელად აკეთებს. ჩვენც ასეთივე უანგარობით გამოვყევით. ძალიან კარგი ინიციატივაა და ჩვენი გეგმით ლეჩხუმში  პლენერი   ყოველ ზაფხულს გაიმართება. გაიზრდება მისი დატვირთვა, შემოგვიერთდებიან სხვა მხატვრებიც“, -გვიყვება ლევან გოგიტაძე.

დღევანდელ პლენერს მოულოდნელი სტუმარიც ჰყავდა. ლეჩხუმში ტურიზმის ხელშეწყობის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვრების შემოქმედებით და ახალი იდეით დაინტერესდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები