პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის 5 პირი დააკავა
შს სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
„1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.