აჭარაში შემონახული ლაზური სახლი შესაძლოა მუზეუმად გადაიქცეს

ხის კონსტრუქციაში ჩასმული ქვის კუბიკები, უნიკალური ბუხრები, სიცივისგან დამცავი დარაბები – ეს უძველესი ლაზური არქიტექტურით შექმნილი სახლები მაღალმთიან აჭარაში კარგადაა შემონახული. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუნდაგაში რამდენიმე მსგავს საცხოვრებელს “რეგიონულმა კვირამ“ მიაკვლია, პირვანდელი იერსახე და არქიტექტურული ნამუშევარი ზუნდაგაში მცხოვრებ ბადრი ვერძაძის სახლს კარგად აქვს შემორჩენილი. საუკუნეების წინანდელ ნაგებობაში ვერძაძეების არაერთ შთამომავალს უცხოვრია. ოჯახის თქმით, სახლის იერსახის შეცვლას არც მომავალში აპირებენ, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო სხვადასხვა სამშენებლო მასალების მეშვეობით დახმარება მაინც ესაჭიროება. სწორედ სტიქიებისგან დასაცავად ბადრი ვერძაძემ დაზიანებული სახურავი თუნუქის საფარით ჩაანაცვლა. შეცვლილია საცხოვრებლის მეორე სართულის ფანჯრებიც.
“ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ, უძველესი ნაგებობაა 1875 წესსაა აგებული ლაზი არქიტექტორების მიერ. მოგეხსენებათ, ლაზები გამორჩეული კირითხუროები იყვნენ და საუკეთესო ნაგებობებს ისინი აგებდნენ. სწორედ მათი ოსტატობის წყალობითაა ეს სახლი დღემდე ურყევი, მხოლოდ მინიმალურ ჩარევას საჭიროებს, სხვანაირი ხედვა, გათვლები ჰქონდათ. არცერთი სახლი მათ მიერ აგებული, არ არის მნიშვნელოვნად დაზიანებული“, – ამბობს ბადრი ვერძაძე.
აღნიშნული სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც გამოიხატება ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული ჭრილებით გაფორმებაში. ბადრი ვერძაძე “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იმ მიზნებსა და ოცნებებზეც საუბრობს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს. იგი სახლის პირველი სართულის მუზეუმად გადაქცევას აპირებს. უნდა, რომ საუკუნეების წინანდელი 4 ლაზი არქიტექტორის მიერ აგებული სახლის ისტორია შთამომავლობას სამუდამოდ შემოუნახოს. შიდა ინტერიერის მოწყობითი სამუშაოები დაწყებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სამუზეუმო სივრცის მოწყობა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ზუსტ დროს ვერ ასახელებს, როდის შეძლებს ვიზიტორი დასრულებულ მუზეუმში მისვლას და უნიკალური ექსპონატების მონახულებას.
“სახლი არის ლურსმნის გარეშე აგებული. ძირითადი მასალა ხე და ქვაა. ხის კონსტრუქციაში ჩასმულია ქვის კუბიკები, რაც თვალითაც კარგად ჩანს. ასე აგებდნენ ლაზები ძირითადად, რადგან ქვას გაემაგრებინა სახლი, კარგად მოგეხსენებათ ხე და ხის სუნი რამდენად სასარგებლოა ადამიანისთვის, ალბათ, მაგიტომ აქვთ, რაც შეეხება შიდა კონსტრუქციას, 8 ოთახია, 5 ბუხრით, სადაც თავშეყრის ადგილი იყო და იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, იქ არის ერთი დიდი მთავარი ბუხარი. სახლს საშეშეც აქვს და სარდაფიც, შიდა ინტერიერიც ძირითადად ხითაა მოწყობილი. გვინდა მუზეუმად გადაქცევა სახლის პირველი სართულის, თუმცა ვიცით, რომ ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. იმედია, უახლოეს პერიოდში ვიზიტორებს ვუმასპინძლებთ და მათთვის ეს საინტერესო იქნება“, – ამბობს ბადრი ვერძაძე
ლაზური სახლი, იგივე კოლხური ოდა დასავლეთ საქართველოს არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებია. ლაზურ ორნამენტებში განსაკუთრებით გამოხატულია ზოომორფული, ასტრალური და მცენარეული მოტივები.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები