საზღვრების გახსნის მოლოდინში შიდა ტურიზმის იმედად დარჩენილი სასტუმროები – ვითარება კახეთში

საქართველოში შიდა ტურიზმი 2 კვირაზე მეტია ამოქმედდა და მოქალაქეებსაც, სურვილის და თანხის შესაბამისად დასვენების საშუალებაც მიეცათ. საინტერესოა, ქვეყნის რომელი კუთხიდან ინტერესდებიან კახეთით და რამდენად კმაყოფილები არიან სასტუმროს მფლობელები და მენეჯერები შიდა ტურიზმის გახსნით.  “რეგიონული კვირა” კახეთის მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს მმართველს გაესაუბრა.
როგორც სასტუმრო „სევენთინ რუმსის“ მენეჯერის ასისტენტი ამბობს, სტუმრების ძირითად ნაწილს მივლინებით ჩასული სტუმრები შეადგენს, თუმცა ნინო კევლიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფერო ძველ რიტმში ჩადგება და დასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება, შიდა ტურიზმზე პროგნოზის გაკეთებაც მეტად დამაიმედებელი იქნება.

„სამუშაო დღეებში ჩვენთან ჩამოდიან ძირითადად მივლინებით და შაბათ-კვირას უფრო დასასვენებლად გვსტუმრობენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მივლინებით ჩამოსული სტუმრები უფრო მეტი გვყავს. საერთაშორისო ტურიზმზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია და არაპროგნოზირებადია. რაც შეეხება, შიდა ტურიზმს თუ ასე მდორედ წავიდა პროცესები, არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა, ხოლო თუ სიატუაცია შეიცვლება ეტაპობრივად გაიხსნება ყველა სფერო, ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია პოზიტიური პროგნოზის გაკეთება“, –  ამბობს ნინო კევლიშვილი.

“სევენთინ რუმსში” შარშანდელთან შედარებითდა, დამსვენებელი 100%-დან 30%-მდე შემცირდა, თუმცა სასტუმროში განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში მენეჯმენტმა კადრების შენარჩუნება მაინც შეძლო.
„წინა წელს ტურისტული სეზონი რა თქმა უნდა იყო გაცილებით აქტიური, ქართველი ტურისტი თითქმის ყოველ დღე გვყავს, მაგრამ არაა ის აქტივობა, როგორიც შეიძლება სხვა პერიოდში გვქონოდა. წინა წლებში თუ გვყავდა ტურისტების 100%, წელს დაახლოებით 30% გვყავს. თუმცა ასეთ პირობებში ჩვენ კადრი სრულად შევინარჩუნეთ“, – ამბობს კევლიშვილი.

საერთაშორისო ტურიზმზე გათვლების და იმედის მომცემი პროგნოზის გაკეთება საოჯახო სასტუმრო “სანაპიროს“ მფლობელს, ანა გიორგელაშვილსაც უჭირს. როგორც ის „რეგიონული კვირასთან” განმარტავს, შიდა ტურიზმის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების გაწევა მეწარმეებისთვის ისევ საჭირო გახდება.
„დღევანდელი მონაცემებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან ჯერ 2 კვირაა რაც გავიხსენით, ჯავშნები არ გვაქვს, მაგრამ სეზონის წინ კიდევ რამოდენიმე თვე რჩება და ველით რა იქნება. რეგულაციების დაცვა იოლი არ იყო, მაგრამ ყველაფერი შევასრულეთ და 16 ივნისიდან საშუალოდ გვყავს დამსვენებელი და უფრო მეტად გვყავს მივლინებით ჩამოსული სტუმრები. თუ შიდა ტურიზმი ამ ტემპით გარძელდა, იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო კიდევ მიიღებს გარკვეულ რეგულაციებს კრედიტებთან დაკავაშრებით და შეღავათს გაგვიწევს“, – განმარტა ანა გიორგელაშვილმა.

საერთაშორისო ტურიზმის გახსნა, სახელმწიფოში პირველი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნის თარიღად პირველი აგვისტო გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები