სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა წყლის გრაფიკის გაუმჯობესებას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობამ სასმელი წყლის გრაფიკის გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, სასმელი წყალი თვეებია არ მიეწოდებათ.
„ასეთ სიცხეში 150-მდე ოჯახს წყალი არ გვაქვს. დავიღალეთ, გრაფიკითაც არ მოგვდის წყალი.კილომეტრების გავლა გვიწევს, რომ სასმელი წყალი მოვიმარაგოთ.ვითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ მოგვხედონ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც „რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, წყლის სათავე-ნაგებობის ნახვის შემდეგ, საჭიროებების მიხედვით, პრობლემის მოსაგვარებლად ორშაბათს სპეც-ტექნიკას გამოყოფენ.
„სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად უკვე ჩაერთო მერია, მოვინახულებთ სათავეს და ორშაბათს გამოიყოფა სპეც ტექნიკა და რაც საჭიროა გაკეთდება. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, 27 მილიონია გამოყოფილი ჩვენი მუნიციპალიტეტის წყლებზე და მათ შორის ანაგაშიც მოგვარდება საბოლოოდ ეს პრობლემა. ‘- განმარტავენ სიღნაღის მერიაში.
აქციის მონაწილეები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში გზების გადაკეტვას აანონსებენ.