რან გიდორი სამუშაო ვიზიტით გურიას ეწვია და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნო

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი სამუშაო ვიზიტით გურიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩს სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
ელჩმა ოზურგეთში სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერა. მან ასევე, პარტნიორ ორგანიზაციის „შალომ კლუბის“ წევრებთან ერთად, დაბა ურეკში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრიც მოინახულა, რომელიც ისრაელის საელჩოსა და მაშავის მიერ განხორციელებული ქველმოქმედების ბენეფიციარია. ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ადრეული ასაკიდან ეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ფონდმა შენობის მოწყობა 2019 წელს დაიწყო. რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას შუამდგომლობის შედეგად მოხდა ისრაელის საელჩოსა და Mashav_ის რესურსების მობილიზება, რათა ეს უნიკალური ცენტრი უზრუნველყოთ ცენტრალური გათბობითა და კონდიცირების სისტემით.
ვიზიტის ფარგლებში რან გიდორმა თანმხლებ პირებთან ერთად ჩოხატაურში “შალომ კლუბ გურიას” ბორდს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც „შალომ კლუბ გურია“ ახორციელებს MASHAV-ის მხარდაჭერით. ხელს უწყობენ ადგილობრივ მეღვინეობას, მეფუტკრეობას, მარწყვისა და წვენის წარმოებას, ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეხმარებიან რეგიონის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.
ისრაელის საელჩომ მაშავთან ერთად ახალი მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა, რომლის წყალობით “შალომ კლუბ გურია” შეისყიდის წყლის გამწმენდ მოწყობილობებს გურიის რეგიონის სკოლებისათვის.
„ვიზიტის ფარგლებში, ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გავაცანით. საუბარი გურიისა და ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ისრაელის საელჩო სხვადასხვა პროექტში რეგიონს მხარდაჭერას უწევს და ვფიქრობ, ეს ვიზიტი ჩვენი რეგიონისთვის იქნება ნაყოფიერი“ – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.
ელჩი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გორაბერეჟოულში ადგილობრივ სკოლამდელთა ჯგუფს შეხვდა, გაიმართა ნახატების გამოფენაც.
„მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი გურიაში, არის ის, რომ გურია ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი მეგობრობით, სტუმარ-მასპინძლობით, ჩაით, ტურიზმით. გასული 17 წლის განმავლობაში, მაშავი – ისრაელის განვითარების სააგენტო და „შალომ კლუბ გურია“ ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონში და მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ საკუთარი თვალით მენახა რაც აქამდე მათ გაკეთებულ საქმეებზე მსმენია. გურიაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი ისრაელის სახელმწიფოსა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის, რეგიონში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა მრავალი სფეროს განვითარების კუთხით, ” – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები