“მათეს შოუ” – 11 წლის წამყვანი და მისი კორესპონდენტი ძმები სამცხე-ჯავახეთიდან
ახალი კორონავირუსი ადამიანებს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და რეალიზაციაში დაეხმარა. მათ შორისაა ინასარიძეების ოჯახიც. მათემ, დავითმა და ცოტნემ გადაწყვიტეს ოჯახური გადაცემა ჩაეწერათ და საკუთარი შოუც შეექმნათ. ასეც მოიქცნენ და მამის დახმარებით „მათეს შოუ“ შექმნეს. ძმები სიუჟეტებს სხვადასხვა თემაზე ამზადებენ და გადაცემას იუთუბ არხზე ტვირთავენ.
„გადაცემის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწვიტეთ ჩემი სახელი დაგვერქვა, რადგან გადაცემა მე მიმყავდა. შევქმენით გმირები. პირველი იყო ნაცარქექია, რომელსაც ჩემი პატარა ძმა განასახიერებს. მერე ვიფიქრეთ კორესპონდენტიც გვიჭირდებოდა და ეს როლი ჩემმა შუათანა ძმამ შეითავსა. ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ. მინდა ჟურნალისტი გამოვიდე, მაგრამ არამგონია ამხელა თანამდებობას მივაღწიო“,- ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ მათე.
ბავშვები მამის დახმარებით, გადაცემას კვირაში ორჯერ წერენ. 9 წლის დავითი მამასთან ერთად კულტურული სახის სიუჟეტების მოსამზადებლად ქალაქგარეთ მიდის და ძეგლების ისტორიებს მაყურებლებს უცხო ადგილებიდან უყვება.
“ძალიან მომწონს სხვაგან, რომ მივდივარ და იმ ადგილიდან ვწერთ გადაცემებს. უფრო მეტ ადამიანს ვხვდები ამ დროს და კარგია. წინა გადაცემა აწყურის ციხეზე მქონდა. რესტავრატორები და არქეოლოგები მყავდა ჩაწერილი“,- ამბობს დავითი.
„მათეს შოუს“ პროდიუსერიც ჰყავს. დავითის, ცოტნესა და მათეს მამას გადაცემის ჩაწერაში საკუთარი წვლილი შეაქვს. გარდა კითხვების შედგენისა და გადაცემის დაგეგმისა, ბიჭებს სიუჟეტების მომზადებაშიც ეხმარება. ზურა პატარა შტატივთან ერთად ტელეფონსაც მოიმარჯვებს და ასე იწყებენ გადაცემის ჩაწერას.