“თუ გინდა, უნიკალურობის ნიშა დაიჭირო, რაღაც განსხვავებული უნდა შექმნა“-ღვინო „ილიასეული“ და მარანი, რომელიც ისტორიას იტევს
ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოში მცხოვრები კენჭაძეების ოჯახისთვის ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა უცხო არასდროს ყოფილა. ღვინის ბიზნესად ქცევა ოჯახმა 2015 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო ნატურალური ღვინით დაინტერესდა.
როგორც ოჯახის უფროსი ილია კენჭაძე “რეგიონულ კვირას ” უყვება, ღვინის ტურიზმი მაშინ საქართველოში ახალი ფეხადგმული იყო და მანაც ამ სიახლეზე მორგება გადაწყვიტა – “მინდა, თავიდანვე გითხრათ, რომ გამოგვივიდა ძალიან კარგად“ – ამბობს მეღვინე, რომლის მიერ წარმოებული ნახევრადმშრალი და მშრალი ღვინო მის სახელს ატარებს და “ილიასეული” ჰქვია.
კენჭაძეები ღვინის ბიზნესში მხოლოდ და მხოლოდ რაჭული ვაზის ჯიშებზე: ალექსანდროულზე, მუჯურეთულზე, რაჭულ მწვანეზე, რაჭულ ცოლიკოურზე და რაჭული საფერავის დაწურვაზე არიან ორიენტირებულები. ღვინოს სეპაჟირების წესით – სხვადასხვა ყურძნის ჯიშების ერთმანეთში შერევის მეთოდით ამზადებენ და მათი წარმატების საიდუმლოც ალბათ ამაშია -„ ჩვენ ექსპერიმენტალური ღვინის წარმოებაზე ვართ ორიენტირებულები და ჩემი ვარაუდით, ეს გამართლებული მეთოდია. თუ ადამიანს გინდა, დაიჭირო უნიკალურობის ნიშა, უნდა რაღაც განსხვავებული შექმნა. ნებისმიერ ბიზნესში პირველი , რაც უნდა გააკეთო-შიში უნდა მოიხსნა, შიში ცუდი საგზალია. თუ გაქვს მოტივაცია, არ გაქვს შიში და გინდა განვითარდე, აუცილებლად განვითარდები“,-ამბობს ილია კენჭაძე.
ილიასთვის ღვინის წარმოება და ჩამოსხმა მარტო ბიზნესი ნამდვილად არაა, მისთვის ეს ჰობი და საინტერესო ცხოვრებაა, რომელშიც, როგორც თვითონ გვეუბნება-„ყველაფერს ჩადებს“ – „აქ განლაგებული ნივთების უმეტესი ნაწილი საუკუნის წინანდელია, არც მარტო ღვინო არაა საკვები პროდუქტი, ღვინოც ისტორიაა. ჩვენი ოჯახი ქმნის ისეთ სივრცეს, რომელიც აქ შემოსულ სტუმარს ისტორიაში ამოგზაურებს”.
ღვინის რეალიზაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს,მაგრამ ახალმა რეალობამ გასაღება რა თქმა უნდა შეამცირა – „მე ვერ გეტყვი, რომ რეალიზაცია მიჭირს, ღვინოები ქუთაისის, ბათუმის, თბილისის მაღაზიათა ქსელში კარგა ხანია შეტანილი გვაქვს,ახლა კორონამ ცოტათი შეგვაფერხა,მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, უპრობლემოდ გაყიდვადია”,-გვეუბნება მეღვინე.
კენჭაძეებს უამრავი გეგმა აქვთ, მარან-მუზეუმს, სადაც საინტერესო ისტორიის მქონე ნივთებია განთავსებული, მალე უნიკალურ ექსპონატებს შემატებენ,ამიტომაც მაღაზიებში ღვინის გაყიდვის ნაცვლად, კლიენტის მათთან პირადად მისვლის პრაქტიკას გეგმავენ – „ჩვენი სურვილია, მომხმარებლები მოვიყვანოთ აქ, ჩვენს მარან-მუზეუმში, ღვინის მწარმოებლები გაგვიცნონ, ეს ექსპონატებიც ვანახოთ, ღვინოც დავაგემოვნებინოთ-ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას და პროდუქციის სანდოობის დამტკიცებას, ასე უფრო ეფექტურად შევძლებთ“,-გვიყვება ჭრებალოელი მეღვინე.
ილია კენჭაძის აზრით , ადამიანის წარმატების ფორმულა მენტალიტეტშია და არა გეოგრაფიაში-„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პერიფერიებზე, და ამავე მეღვინეობის მიმართულებების განვითარებაზე, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ -საქართველოში 560 ვაზის ჯიშია დაფიქსირებული, აქედან 60 რაჭა-ლეჩხუმში, როგორ შეიძლება ეს ოქროს ფონდი სწორად გამოყენებული არ იქნას და ჩვენ , ადამიანებმა მისგან მენტალური და ფინანსური სარგებელი არ მივიღოთ“,-გვეუბნება დამშვიდობებისას ილია კენჭაძე.
მარინე სვანიძე