უძველესი ნაქალაქარის ახალი სიცოცხლე – როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ნოქალაქევი

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურას ხეობაში მდებარეობს აღადგინეს და გააფართოვეს. რეაბილიტაცია 2016 წლიდან მიმდინარეობდა.
განვლილ ოთხ წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, წარმართულმა რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების ეტაპებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
„ორმოც მოწამეთა“ სახელობის ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
მუზეუმ-ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოეწყო სავალი ბილიკები და მისასვლელი გზები.

პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ამჟამად მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. ნოქალაქევის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის საბოლოო დასრულებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.
თუ გსურთ, რომ წარსულში მოგზაურობის შემდეგ განიტვირთოთ და დაისვენოთ, ნოქალაქევიდან სამ კილომეტრში თოკების ატრაქცია გელოდებათ, რომელიც სოფელ ბეთლემში მდებარეობს.
როგორც, პროექტის ავტორი „რეგიონულ კვირას“ უყვება, სარეკრეაციო ზონის მოწყობა ნოქალაქევის სიახლოვეს, შემთხვევითი არ არის და მუზეუმ-ნაკრძალის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყდა.
სარეკრეაციო ზონაში, ინფრასტრუქტურის მოწყობა ივლისის ბოლოს დასრულდება, სადაც მდინარე ტეხურას ხეობაში, თქვენ ასევე გელოდებათ საქართველოში რიგით მეორე ზიპლაინი, რომელიც მდინარეს კვეთს.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები