“ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქცია, ერთ სივრცეში მოექცევა“-ამბროლაურში ეთნო სახლი გაიხსნა
ამბროლაურში ეთნო სახლი გაიხსნა. როგორც “რეგიონულ კვირას” სახლის დიასახლისი და რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი – ანა კანთელაძე უყვება, დღეიდან, ეთნო სახლში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქცია ერთ სივრცეში მოექცევა და ადგილზე მისულ ტურისტებს ღვინოს, თაფლს, ლორს, სუვენირებს და კუთხურ სამზარეულოს შესთავაზებს.
ეთნო სახლის მშენებლობასა და სამზარეულოს მოწყობაზე ორი დონორი ორგანიზაცია-იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მონაწილეობდა. სახლის გახსნის იდეა 2016 წლიდან მოდის. ანა იაპონიაში საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო მიწვეული.
“ქალბატონი ანა იაპონიაში ჩვენს მიერ დაორგანიზებულ ტრენინგებში იღებდა მონაწილეობას, სფერო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას შეეხებოდა, ტრენინგების გავლის შემდეგ ახალგაზრდა გოგონამ იაპონიის სახელმწიფოს “ჯაიკას“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შეძლო მონაწილეობის მიღება“,-გვიყვება რაჭისა და ეთნო სახლის განსაკუთრებული სტუმარი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ეჯირი იუკიჰიკო.
იაპონიის წარმომადგენელის აზრით, საქართველოს რეგიონებში ასეთი სივრცეების არსებობა კარგია და მისასალმებელი, რადგან ის ხელს უწყობს ფერმერების ეკონომიურ გაძლიერებას და ტურისტების რიცხვის ზრდას. მუდმივი წარმომადგენელი გვიხსნის, რომ იაპონიის საელჩოს საქართველოში არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაფინანსებული და მომავალშიც გეგმავს კარგი იდეების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ.
რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაციის დამფუძნებელმა ეთნო სახლის იდეაზე პროექტი გააკეთა და იაპონიის მხარემ საინტერესო წინადადება დააფინანსა, სახლი ააშენებინა, ხოლო ფერმერთა ასოციაციამ სამზარეულოს მოწყობაზე გამოუყო ფინანსები.
როგორც ანა კანთელაძე გვიყვება, რაჭაში დაბრუნებისთანავე მხარეში „ ტურისტული აგროფესტივალები“ წამოიწყო და მხარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა –„ ამ ფესტივალებზე წარმოდგენილია ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის და რაჭის ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქტები: ღვინო,ლორი, ჭაჭა, თაფლი და სხვა. ჩვენ ამ პროდუქტებს ადგილობრივ მომხმარებელს ვთავაზობთ, შემდეგ ამბროლაურში „აგრო მაღაზია“ გავხსენი და იქ ვახდენდით პროდუქტის რეალიზებას, მაგრამ გავითვალისწინე რა მომხმარებელთა და ტურისტების ინტერესები და თხოვნა, საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა , სადაც დონორს „ეთნო სახლის“ იდეა შევთავაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც ყველა ნატურალური პროდუქტი და კუთხური სამზარეულო თავს მოიყრის“.
ეთნო სახლის დიასახლისს ამბროლაურში ყველა იცნობს, ის ამავე დროს სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელიცაა და აქტიურად თანამშრომლობს მხარის ფერმერებთან.
მისი აზრით, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას შეუძლია უამრავ შემოთავაზებულ პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს და ისე აიხდინოს სურვილები. ფიქრობს, რომ მხოლოდ ასე გაძლიერდება რაჭა.
მარინე სვანიძე