მაღალმთიან აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ ხანდაზმულს შეუსრულდა
ქედაში, სოფელ მერისში მცხოვრებ ფადიმე დოლიძეს 100 წელი შეუსრულდა. მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ “100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. უხუცესს 3 შვილი, 10 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
“მთაში 33 წელია რაც უწყვეტად დავდივარ. მართალია ოჯახს ვეღარ ვეხმარები მესაქონლეობასა თუ რძის გადამუშავების პროცესში, მაგრამ მთის გარეშე სეზონი ვერ წარმომიდგენია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკშიც შევძლებდი უფლის ნებით ამოსვლას. მადლობა ყურადღებისთის”, – აღნიშნა საუკუნის ქალმა და სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა.
ფადიმე დოლიძეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საპატიო მემთევრეობისთვის და მთის სამაგალითო სიყვარულისთვის.