დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლები ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მხარის რწმუნებული, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარცვლეული კულტურის დაბინავება ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.
„ მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ადგილებში,კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მათ შორის შირაქშიც, მოსავალი წინა წლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჯამური, საერთო მოსავალი, წელს უფრო მაღალია შარშანდელთან შედარებით. ამ მომენტისთვის 4 ტონამდე მოსავალი გვაქვს უკვე, თუმცა შირაქში უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა, როგორც ხორბალზე, ისე ქერზე“ , – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მეორე წელია რაც მოსავლის ასაღებად კომბაინების რაოდენობა პრობლემას აღარ წარმოადგენს.
„კომბაინების რაოდენობა მეორე წელია საკმარისია იმისთვის, რომ მოსავლის აღება ნორმალურად ჩატარდეს. ის პრობლემა, რომ გასულ წლებში მეზობელი ქვეყნებიდან გვჭირდებოდა კომბაინის შემოყვანა, აღარ არსებობს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მარცვლეული კულტურის აღების პროცესი კახეთში 15 ივნისიდან დაიწყო. 1 კგ. ხორბლის ფასი 60 თეთრიდან 65 თეთრამდე მერყეობს.