კორონავირუსსა და მის თანმდევ შედეგებს საქართველოში ვერც ღვინის ინდუსტრია გადაურჩა. სპეციალისტები 2020 წელს ღვინის ექსპორტის 15%-იან კლებას ვარაუდობენ. მათი თქმით, ტურიზმისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო ადგილობრივი დანახარჯებიც ღვინოზე, დაახლოებით, 8 %-ით შემცირდება. ამ არცთუ სახარბიელო სტატისტიკის მიუხედავად, კობიძეების მარანი გურიაში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს. როგორც დავით კობიძე გვეუბნება, ღვინოს, ძირითადად, ამერიკაში ყიდის და რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. რუსეთზე თავიდანვე თქვა უარი და, იქაურ ბაზარზე შესვლას არაკეთილსაიმედოობის გამო, პერსპექტივაშიც არ განიხილავს.
პროდუქტის დამზადებასთან ერთად მისი რეალიზაციაც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. საოჯახო მარნები გასაღების ბაზრებს როგორ პოულობთ. გამართლების ფაქტორი ამ შემთხვევაში რამდენად დიდია?
იღბალი და გამართლება ყოველთვის საჭიროა, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ხარისხია. თუ ხარისხიან პროდუქტს აწარმოებ, მის გაყიდვას აუცილებლად შეძლებ და ასეა ღვინოც. გასაღების ბაზრის მოძიებაში, ასევე, დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა გამოფენა და ღვინის ფესტივალები, რომლებიც საქართველოში ხშირად ტარდება. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. 2016 წელს ბათუმში ჩატარებულ ღვინის ერთ-ერთ გამოფენაზე დააგემოვნეს ჩემი ღვინო, მოეწონათ და ასე დავიწყე მისი ექსპორტი ამერიკაში. თუმცა, საექსპორტო ხაზის სრულფასოვან გამართვას 2 წელი მაინც დაჭირდა.
აქ ადგილობრივ ბაზარზე შესვლა როგორ ხდება, ღვინის მაღაზიებს ვგულისხმობ?
აქაურ მაღაზიებში თავად მიგაქვს პროდუქტი, ერთი ან ორი ბოთლი. გაასინჯებენ, თუ მოეწონათ, დაიტოვებენ. სულ ესაა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ძალიან რთულია. გაყიდულის საფასურის გადახდას აგვიანებენ, მოკლედ, მწარე გამოცდილება მაქვს მათთან ურთიერთობის. დაახლოებით, იგივე ხდება რესტორნებსა და ბარებშიც. თუმცა არის გამონაკლისებიც, ვინც პატიოსნად მუშაობს.
მომგებიანი ბიზნესია, შემოსავლების ზრდას, ანუ უკუგებას რამდენ ხანში უნდა ელოდო?
მომგებიანი რომ არ იყოს, არავინ დაიწყებდა და ამხელა კონკურენციაც არ იქნებოდა. თუ ხარისხიან ღვინოს ამზადებ, ხელშესახები შემოსავლის მიღებას ერთი, მაქსიმუმ 2 წელი სჭირდება. მე მაგალითად ჩემს მოსავალს მთლიანად ვერ ვყიდი. 2000-2500 ბოთლის გაყიდვას ვახერხებ. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების თვალსაზრისით ყველაზე კარგი დრო ზაფხულია. ტურისტები აქტიურობენ ძირითადად.
გამზადებული ვენახის ყიდვა ჯობს თუ სავენახე ადგილისა და ვაზის მერე გაშენება?
მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადგილმდებარეობა შეარჩიო კარგად. მაგალითად, ჩვენთან გურიაში უმჯობესია ვენახი ზღვიდან მოშორებით უფრო მთისკენ გქონდეს, უფრო ხარისხიან მოსავალს მიიღებ, ზედმეტი ტენიანობა ვენახს არ უხდება.
თქვენ რა ფართობზე მოგყავთ მოსავალი და ყურძნის რომელ ჯიშებს ანიჭებთ უპირატესობას?
ჯამურად, ჰექტარ-ნახევარი მაქვს. აქედან 70 % ჩხავერი, თუმცა, ჯამურად, ხუთი სახის ღვინოს ვაწარმოებ. ჩხავერი ქარვისფერი, ჩხავერი ვარდისფერი, ალადასტური წითელი, ჯანი-სხილათუბანი წითელი და ცოლიკაური ქარვისფერი.
ამ ჩამონათვალიდან ყველაზე პოპულარული რომელია?
ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა შარშან ჩამოვასხი ჯანი-სხილთუბანი და დიდი მოწონება დაიმსახურა. შარშან 200 ბოთლი მქონდა წელს 300. მეტიც შეიძლება, თუმცა ამ ჯიშის ნერგის მოძიება ძალიან რთულია, უძველესი ფაქტობრივად მივიწყებული ჯიშია.
1 ჰექტრის მოვლა-პატრონობა რა ჯდება?
ზუსტად თქმა ძნელია.გააჩნია წელს და იმას თუ როგორი ამინდები იქნება. ვენახს შეიძლება ნაკლები შეწამვლა დასჭირდეს, ან პირიქით მეტი. მოკლედ ჰექტარზე 2500-3000 ლარი იქნება საჭირო.
ღვინოს ქვევრში აყენებთ თუ ევროპულ ტექნოლოგიას ანიჭებთ უპირატესობას?
ქვევრში რა თქმა უნდა.
ხარისხიანი ქვევრის მოძიება ხომ არ გიჭირთ?
ეს არის საუკუნის კითხვა.ხარისხიანი ქვევრის მოძიება მართლა ძალიან ჭირს. მოთხოვნა დიდია კონკურენცია არა და ამიტომ კარგი ქვევრი შოვნა ძალიან ძნელია.
სად ამზადებენ ძირითადად, ქვევრებს და რა ღირს?
ჭიათურაში სოფელი ტყემლოვანა. ათი – თხუთმეტი ოჯახი მუშაობს იქ ამ საქმეზე. ორი ოჯახია გურიაში, ასანაში. ქვევრებს ამზადებენ შროშასა და მაქათუბანში,მაგრამ ხარისხი ყველგან უკეთესის სურვილს ტოვებს. ფასი ტევადობის მიხედვით განისაზღვრება. ლიტრზე 1 ლარია ნიხრი. მაგალითად 500 ლიტრიან ქვევრი 500 ლარი ჯდება.
ბოლო დროს ე.წ. ბიო ღვინოს პოპულარობა იზრდება,ჩვენთან თუ გასცემენ შესაბამის სერთიფიკატს და რა უპირატესობა აქვს ამ ტიპის ღვინოს?
ბიოს სერტიფიკატის აღება, დაახლოებით, 3000 დოლარი ჯდება. აქაც გაიცემა ეს სერთიფიკატი. ამ ეტაპზე, არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამის აუცილებლობა მიდგას. რაც შეეხება სტანდარტს. ესაა ჯანმრთელი ნიადაგი და ვენახის მოვლის უსაფრთხო საშუალებები, ზედმეტი ქიმიის გარეშე. მაგალითად, გოგირდი, ბორდო და შაბიამანი.
დამწყები მეღვინისთვის თანხები მოძიება რამდენად რთულია?
დამწყები მეღვინეებისთვის რთულია, თუმცა არა – შეუძლებელი. ბანკები უფრო გამოცდილ მეღვინეებს ენდობიან. მე მაგალითად ორჯერ ავიღე სესხი და პრობლემა არ შემქმნია, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამებიც, “დანერგე მომავალი” და კიდევ სხვაც.
რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
ვაზის სიყვარული, განათლება, პატიოსნება