სამეგრელოს რეგიონში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა

„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ – კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ – ალექსანდრე მოწერელიასთან და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ – ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფო დახმარების ახალი შენობები გახსნა.

მინისტრის თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ეკატერინემ ტიკარაძემ ექიმებს პირადად გააცნო ის სიახლე, რაც 1 ივლისიდან განხორციელდება. კერძოდ, მისი თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. ასევე. 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია.

ამ დრომდე, მარტვილის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები