უძველეს, ვიზუალურად განსხვავებულ მეჩეთებს, მაღალმთიან აჭარაში შეხვდებით. აჭარაში არსებული მეჩეთები დასავლეთ საქართველოში 1555 – 1878 წლებში ოსმალეთის იმპერიის ბატონობას უკავშირდება. დამპყრობლების მიერ საუკუნეების წინ აგებული ნაგებობები დღემდე საინტერესო ისტორიებს ინახავს. როგორც არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მეჩეთების მშენებლობა აჭარაში 1840 წლიდან გააქტიურდა, როდესაც ოსმალოს თურქეთის გავლენა საქართველოში სუსტდებოდა.
,,რეგიონულმა კვირამ“ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულებში თითქმის სამი საუკუნის წინ აგებული მეჩეთი დაათვალიერა. რომელშიც 100 წელზე მეტია, არავის ულოცია. ნაგებობა ერთი შეხედვით, ადგილობრივთა საცხოვრებლისგან არაფრით გამოირჩევა, თუმცა კარზე, ფანჯრის ჩარჩოებსა და სვეტებზე ამოტვიფრული ორნამენტები უძველეს ისლამურ კულტურასთან გვაზიარებს, აქვე მკვეთრადაა გამოხატული ვაზისა და ჯვრის ფორმები, რომლებიც ოსტატურად, საიდუმლოდაა ამოტვიფრული. მეცნიერებათა დოქტორის თქმით, უძველესი ნაგებობები, რომლებიც აჭარაში ამ დრომდე, პირვანდელი სახითაა შემორჩენილი, ლაზების აგებულია. მათი ოსტატობით შექმნილი ნამუშევარი როგორც ვიზუალურად ასევე, შინაარსობრივადაც დღევანდელ პერიოდშიც განსაკუთრებულად ითვლება.
,,აჭარის წყლის ხეობაში ჯამეების, იგივე მეჩეთების მშენებლობა გააქტიურდა 1840 წლის შემდეგ. როცა ოსმალოს თურქეთის გავლენა სუსტდებოდა, მათ რაც შეიძლება ბევრი მეჩეთი ააგეს ძველ ნაეკლესიარზე. იყენებდნენ ტაძრის ქვებსაც საძირკველისთვის. ძირითადად. აგებდნენ გავლენიან სოფლებში და სოფლის ცენტრებში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი იკრიბებოდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სოფელი გულებია. მოგეხსენებათ, ყველა სალოცავი განსაკუთრებული სილამაზითა და მოხატულობით უნდა გამორჩეულიყო. აღნიშნული ჯამეც შესრულების თვალსაზრისით, ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ დააკვირდებით აჭარაში ყველა ჯამეში ვაზია გამოკვეთილი. ბევრგან ჯვარის გამოსახულებაც იკვეთება, რომელიც საიდუმლოდ, ოსტატობითაა ჩასმული. ეს ნაგებობები ლაზური ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება მივიჩნიოთ“,-,ამბობს არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვაჟა ფარტენაძე.
დღემდე ნაგებობა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შემოინახეს. აღადგინეს მინარეთები, ასევე გადახურეს თუნუქის სახურავებით, რადგან მეჩეთის კედლები და ოსტატის მიერ შესრულებული მოხატულობა დროსა და სტიქიას არ დაეზიანებინა.
იური დიასამიძე სოფელ გულებში მეჩეთთან ახლოს ცხოვრობს, ის კულტურულ მემკვიდრეობას ადგილობრივებთან ერთად წლებია უვლის, მკაცრი ზამთრისგან დასაცავად სახურავი გამოცვალა, აქვე არსებულ საფლავებსაც უვლის, ამბობს, რომ ნაგებობა უნიკალურია მისი მოხატულობის თვალსაზრისით, მიუხედავად საუკუნეების წინ, მეჩეთების აგებას მართლმადიდებლური ტაძრები ეწირებოდა, ლაზების ოსტატობით ორნამენტებით შექმნილი მინიშნებები ქართულ სულს ინახავენ.
,,ადგილობრივებმა შევინახეთ და მოვიტანეთ ამ დრომდე ეს კულტურული მემკვიდრეობა. როგორც უძველესი ნაგებობა, პატივს ვცემთ. აქ არის უძველესი საფლავები, ვინც ლოცულობდა მეჩეთებში და რჩებოდა მათი საფლავებია. საუკუნეა არავის ულოცია, თუმცა, როგორც ძეგლი ვუნახავთ მომავალ თაობას. როგორც მოგეხსენებათ, გამოსახულია ჯვრები და ვაზები, აქედან გამომდინარე, მომავალ თაობას გვინდა ვუთხრათ წინაპრები როგორ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ქართველობას“,- აღნიშნავს იური დიასამიძე.
მეჩეთები ძირითადად ქედაში, შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გვხვდება. აჭარაში სულ 50 კულტურული მემკვიდრეობის მქონე მსგავსი ნაგებობაა შემონახული. სალოცავებში თითქმი,ს აღარ ტარდება მუსლიმანური ლოცვები, თუმცა რამდენიმე ასეთ მეჩეთში, ჯერ კიდევ იკრიბებიან მუსლიმები.
ფიქრია დავლაძე