შუახევში მცხოვრებ ხუთ უხუცესს 100 წელი შეუსრულდა
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ უხუცესს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ადამიანებს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან – რამაზ ჯინჭარაძესთან და ზურაბ თენეიშვილთან ერთად მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, უხუცესებს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1000 -1000 ლარი გადაეცათ.
შუახევში, 100 წელს გადაცილებული 10 მოქალაქე ცხოვრობს. 3 უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.
თამარ მგელაძე – სოფელი ცხემლისი;
დაიბადა ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ქავთარეთში. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და შვილების გაზრდა თავად იტვირთა. ახალგაზრდობაში ეწეოდა სოფლის მეურნეობას, ქსოვდა, ქარგავდა. ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი, 13 შვილთაშვილის შვილი – სულ 68 შთამომავალი.
ჯეფერ ქამადაძე-სოფელი ნენია;
ჰყავს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა ნენიის და ზამლეთის ამბულატორიაში ექთნად. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მათ შორის მევენახეობას, მეთამბაქოეობას. ტრადიციებს დღესაც მისდევს ოჯახი.
ხოშრეთ ბერიძე – სოფელი ფურტიო;
ჰყავს 5 შვილი,16 შვილიშვილი,32 შვილთაშვილი,9 შვილთაშვილის შვილი – სულ 90-მდე შთამომავალი. 27 წელი მუშაობდა სოფლის ბიბლიოთეკაში.
სურიე უშარიძე – სოფელი ნიგაზეული;
ჰყავს 7 შვილი, 13 შვილიშვილი, 26 შვილთაშვილი. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მიღებული აქვს შრომის მედალი.
მეყბულე შაინიძე- სოფელი იაკობაური;
ჰყავს 2 შვილი, 6 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 30 შვილთაშვილის შვილი.