“ნაცმოძრაობის” მორიგი სპეკულაცია ხარაგაულში მიწის უკანონო მითვისების ფაქტზე – “ეს იყო გამოყენებული პოლიტიკურად ანგარიჟებული ხალხის მიერ”
ხარაგაულში, წყალაფორთის მუნიციპალურ ერთეულში მიწის უკანონო მითვისების ფაქტზე სოფლის მოსახლეობამ მერიას საჩივრით მიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეაგირების სახით, ახალგაზრდებს, რომლებმაც მიწა უკანონოდ დაამუშავეს, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწიდან გასვლა მოსთხოვა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და დღეს აქცია გამართეს. აქციაზე სიმბოლურად ის ვაუჩერბებიც დაწვეს, რომელიც სახელმწიფომ გლეხებს საწვავის შეღავათიან ფასში მისაღებად დაურიგა. “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, რომ აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მმართველობის პერიოდში წყალფორეთის გამგებელი მონაწილეობდნენ. აღნიშნული “რეგიონულ კვირას” ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, რევაზ ცხილაძემაც დაუდასტურა.
„სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სპეკულაციაა ვაუჩერების განადგურება და უკანონო მიწაზე სამუშაოების ჩატარაბა. “ენმ“-ს დროს სოფლის გამგებელი და მათი გუნდის წევრები მონაწილეობდნენ დღევანდელ სპეკულაციაში. სოფლის მოსახლეობამ ვაუჩერებით დიდი სარგებელი მიიღო და ისინი ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოთქვამენ”, – განაცხადა ცხილაძემ.
ვაუჩერების განადგურების აქციაში მონაწილე რომან ხიჯახიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში განმარტავს, რომ მას წყალფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმ მიწაზე, რომელიც ახალგაზრდებმა უკანონოდ მიითვისეს, წაყოლა სთხოვეს. მისივე თქმით, ის ვაუჩერი, რომელიც დაწვა, უკვე გამოყენებული ჰქონდა.
“მთხოვეს წამოდიო, ტელევიზია იქნებაო და შენ რაც გაქვს სათქმელი ისიც თქვიო. ვაუჩერებით კი დაგვიკლეს საწვავზე ფასი, მაგრამ არა ერთი ლარი როგორც ნათქვამი იყო, 1,3 ღირს დიზელი და ვაუჩერით 1,16-ში გვაძლევდნენ, ეს რა შეღავათია”, – ამბობს ხიჯახიძე.
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მომხდარს პოლიტიკურად ანგარიჟებულს უწოდებს და ამბობს, რომ მერიის კანონიერი მოთხოვნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა გაეთავისუფლებინათ ნაცმოძრაობამ” სპეკულაციის თემად აქცია. მისი თქმით, წყალაფორეთის მუნიციპალურ ერთეულში მეზობელი სოფლიდან ორი ახალგაზრდა უკანონოდ შეიჭრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სამეურნეო სამუშაოები აწარმოა.
„ორი ახალგაზრდის მიერ უკანონოდ იქნა გამოყენებული სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია და მიწა დაამუშავეს. წყალფორეთის მოსახლეობამ მოგვმართა საჩივრით. ბუნებრივია, ჩვენ წერილობით ვაცნობეთ ამ ორ ახალგაზრდას, რომ თავი დაენებებინათ უკანონო ქმედებისთვის, სახელმწიფო მიწაზე. მათ შეეძლოთ, განცხადება დაეწერათ მერიიაში და კანონიერად მოეთხოვათ სამუშაოების ჩატარება, თუმცა სხვა გზა აირჩიეს. სამწუხაროდ, ეს იყო გამოყენებული პოლიტიკურად ანგარიჟებული ხალხის მიერ“, – განაცხადა თოფურიძემ.
მერის განცხადებით, ვაუჩერების დაწვაც ოპოზიციური პარტიისა და მათი ტელევიზიების პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.
წყალფორეთის მოსახლეობა კი “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აცხადებს, რომ ვაუჩერები გლეხებისთვის განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დიდი დახმარება იყო მთავრობის მხრიდან.
„პირადად მე, გამოვიყენე ვაუჩერი და ძალიან დამეხმარა. კმაყოფილი ვარ ამ მთავრობის, ასეა თუ ისე ყურადღებას გვაქცევენ”, – განაცხადა ჯემალ დვალმა.