ინწრას ხეობა წალენჯიხაში – იმოგზაურე სამეგრელოში “რეგიონულ კვირასთან” ერთად
სიმწვანეში ჩაფლული მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, უნიკალური მღვიმე და კანიონები – „რეგიონული კვირა“ დღეს ნაკლებად ცნობილ – ინწრას ხეობის ველურ ბუნებაში გამოგზაურებთ, რომელიც სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ვისაც ექსტრემი და ველური ბუნება გიზიდავთ, ინწრას ხეობა დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ. ხეობამდე მისვლა, ქალაქ ჯვარიდან, სოფელ ჩქვალერის გავლითაა შესაძლებელი. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი სამანქანე გზა, სოფელ ჩქვალერის ცენტრში სრულდება, ხეობაში მოსახვედრად კი, 2კმ-ზე ოდნავ მეტი საფეხმავლო ბილიკის გავლა მოგიწევთ. ტყეში შემავალი ბილიკი საშაუალო სირთულისაა და სპეციალურ ეკიპირებას არ საჭიროებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ ხეობაში არსებული ინწრას მღვიმე დაათვალიეროთ, აუცილებლად დაგჭირდებათ, ჩაფხუტი და ფანარი.
აღსანიშნავია, რომ ჩანჩქერამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიწმინდა, დაიდგა საინფორმაციო დაფები და ხეობის ვიწრო მონაკვეთებზე, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები.
ინწრას მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც სოფლის ბოლომდე მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მილი ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.
ინწრას ხეობას ტურიზმის სფეროს განვთარების უდიდესი პოტენციალი აქვს, ამბობენ ადგულობრივები. ისინი მიმართავენ კერძო ბიზნესს, რომ ინწრას ხეობას მეტი ყურადღება მიექცეს.
სოფიო კაკაჩია