“საოჯახო ბიზნესია და სამომავლოდ წარმოების დაწყებასაც ვგეგმავთ” – ჟოლოს ბაღები კოდის დევნილთა დასახლებაში

52 წლის ინგა ბერუაშვილს ჟოლოს ბაღის გაშენების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იძულებით მოუწია. ამჟამად, ინგა ოჯახთან ერთად, კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. კენკროვანი კულტურის მოყვანა ოჯახმა, 1000 კვადრატულ მეტრზე დაიწყო და ამერიკული ჯიშის ორი სახეობის ჟოლო ნოვა და კაროლინა გააშენა.

„ჟოლოს ბიზნესი 2016 წლიდან დავიწყეთ. ამ კენკროვან კულტურაზე ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა, რადგან დევნილობამდეც მივდევდით კენკრის მოყვანას. ჟოლოც გვქონდა, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით მარწყვი მოგვყავდა. ჩაგვქონდა ცხინვალში და იქიდან გადიდოდა ორჯონიკიძის ბაზარზე. კოდაში გადმოსვლის შემდეგ, როგორც კი საშუალება მოგვეცა ჟოლოზე ფიქრი დავიწყეთ“,- იხსნებს ინგა ბერუაშვილი.

შემდეგ იყო ENPARD თეთრიწყაროს პროექტი, სადაც ბერუაშვილებმა გაიმარჯვეს და  110 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს, აქედან 76 000 ლარის დაფინანსება ევროკავშირს ეკუთვნის. ბიზნესის გაფართოვებაში ოჯახს თანადაფინანსებას დანერგე მომავალიც გაუწევს.

კენკროვანი კულტურის მოყვანაში მთელი ოჯახია ჩართული. ჟოლოს კრეფაში  პატარებიც სიხარულით იღებენ მონაწილეობას და უფროსებს საოჯახო ბიზნესში ეხმარებიან.

„ჟოლოს ბიზნესი არის ჩვენი საოჯახო ბიზნესი, რომელშიც მთელი ოჯახი ვართ ჩართული, პატარებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ჟოლოს კრეფაში. მოგვყავს ეკოლოგიურად სუფთა ჟოლო, არ ვიყენებთ შხამქიმიკატებს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია. არ გვაქვს იმდენი ჟოლო, რომ ჩვენი მომხმარებლები სრულად დავაკმაყოფილოთ. ამიტომ ძალიან მალე ვგეგმავთ გაფართოვებას. ემპარდის დაფინანსებით ბაღის მოცულობას გავზრდით, ასევე გვექნება სეტყვისგან დამცავი ბადეები და გავაუმჯობესებთ ყველა იმ პირობას, რათა მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი ჟოლო“,- ამბობს მარიამ ბერუაშვილი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბაზრების დახურვის გამო შემცირებული გაყიდვებით შექმნილი პრობლემები მარტივად მოაგვარეს  – ინტერნეტგაყიდვები დაიწყეს. ახლა ბერუაშვილების ეკოლოგიურად სუფთა ჟოლოს შეძენა არა მხოლოდ კოდის დასახლებაში, არამედ ონლაინაც შეგიძლიათ. სამომავლოდ ბერუაშვილები რეალიზების გაზრდასაც გეგმავენ.

 

ბერუაშვილების ოჯახს დიდი გეგმები აქვს, წარმოების დაწყებასაც აპირებენ, სადაც, როგორც თავად ყვებიან,  ჟოლოს კომპოტები და ჯემები დამზადდება, ამასთან ათობით ადგილობრივი დასაქმდება.

მარიამ გიორგაშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები