როგორ მოვაწყოთ და რა სარგებელი აქვს სათბურს – ბიზნესი, რომელიც არ გაგაწბილებთ

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 60 პროცენტი საქართველოში უცხოეთიდან შემოდის, ანუ იმპორტირებულია. ამ არც თუ სახარბიელო სიტუაციის შეცვლას ხელისუფლება მთელი რიგი სამთავრობო პროგრამებით ცდილობს. როგორც ცნობილია, უკვე ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობა-გამართვაში დაეხმარება. კერძოდ, იმ ფერმერებს, რომელთაც სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შეძენა ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო სამუშაოების ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. გარდა ამისა, სასათბურე მეურნეობები სარწყავ წყალს უფასოდ მიიღებენ, ხოლო ისინი, ვინც წყლის გადასახადი გარკვეულ გარემოებათა გამო ვერ გადაიხადეს,  ამ გადასახადისაგან განთავისუფლდებიან.

ამ შეღავათების მიუხედავად, მცირემიწიანი ფერმერისათვის საქართველოში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მოწყობა-ექსპულატაცია თითქმის შეუძლებელია. თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გამოსავალი არსებობს და ესაა ე.წ. მარტივი კონსტრუქციის სათბური და მისი ალტერნატივა, ენერგოეფექტური სათბური.

ერთიც და მეორეც ფერმერის საქმიანობას უფრო რენტაბელურს ხდის და საშუალებას იძლევა, ნაკლები დანახარჯებით საკმაო რაოდენობის ხარისხიანი მოსავალი მიიღონ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვევითი ცენტრის სპეციალისტები განმარტავენ, მარტივი კონსტრუქციის სათბურების ზომა 300-500 კვადარულ მეტრს არ აღემატება და მათი კარკასი, ძირითადად, ხისა და რკინისგან მზადება, ხოლო შესაფუთად ცელოფანი გამოიყენება. სპეციალისტების განმარტებით, ასეთი სათბურის მოწყობა ყველა ხარჯის გათვალისწინებით 15 000-20 000 ლარი ჯდებაა (კვადრატული მეტრი 40-45 ლარი). მრავალი ნაკლის მიუხედავად, როგორიცაა ბუნებრივი მოვლენებისადმი არამდგრადობა, ვენტილაციისა და გათბობის არქონა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ მარტივი კონსტრუქციის სათბური შესაძლოა, მეტნაკლებად, სტაბილური შემოსავლის წყარო გახდეს. მათი თქმით, ასეთი სათბურის ექსპულატაცია 5-6 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. სპეციალისტების განმარტებით, ღია გრუნტის პირობებში 500 კვადრატულ მეტრზე პომიდვრის კრეფა 4 თვის განმავლობაში გრძელდება და მოსავალი 3700-3800 კილოგრამს შეადგენს. ბაზარზე პომიდვრის საშუალო ფასად 2 ლარს თუ ავიღებთ და ყველა ხარჯს გავითვალისწინებთ (ჩითილი, წამლობა, სასუქი-800 ლარი) მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 6500-6800 ლარი იქნება. მნიშვნელოვნად იცვლება სიტუაცია მარტივი კონსტრუქციის სათბურის პირობებში. როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში, კრეფის ხანგრძლივობა 5 თვემდე იზრდება ხოლო მოსავლის რაოდენობა 8 750 კილოგრამს აჭარბებს.

სპეციალისტების განმარტებით, გასაყიდ ფასად თუ კილოგრამზე 2.5 ლარს ავიღებთ და ხარჯებს ( სათბურში თითქმის ორმაგდება 1400-1600) გამოვაკლებთ, შემოსავალი 20 ათას ლარს ოდნავ გადააჭარბებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ფრიდონ სანაია გვიხსნის, განსხვავებული სიტუაციაა თანამედროვე, ანუ ენერგოეფექტური სათბურის შემთხვევაში. მისი თქმით, ენერგოეფექტური სათბურების ოთხი ტიპი არსებობს და ისინი ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლითა და ფასით განსხვავდებიან. სანაიას განცხადებით, ფასები კვადრატულ მეტრზე 60 ლარით იწყება და 250 ლარამდე აღწევს.

როგორც თითქმის 10-წლიანი გამოცდილების ფერმერი, მალხაზ თაბუკაშვილი გვეუბნება, თანამედროვე სტანდარტის სათბურში კრეფის ხანგრძლივობა 9 თვეს შეადგენს და მნიშვნელოვნად, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მოსავლიანობა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 500 კვადრატულ მეტრზე ფერმერის მიღებული მოსავალი თითქმის 19 ათას კილოგრამს მიაღწევს, პომიდვრის გასაყიდ ფასად საშუალოდ 3 ლარს თუ ავიღებთ, შემოსავალი ხარჯების გათვალისწინებით 50 ათას ლარს მიაღწევს.

სანაიას განმარტებით, აუცილებელია, რომ ფერმერმა ან მეწარმემ სათბურის შერჩევის წინ კონსულტაცია დარგის სპეციალისტთან გაიაროს. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ როგორი სათბური არის რეკომენდებული კონკრეტულ რეგიონში კონკრეტული მცენარეული კულტურების მოსაყვანად.

„ნაკვეთის შერჩევა სათბურის ასაშენებლად, მცენარეული კულტურების კონკრეტული ჯიშების/ჰიბრიდების შერჩევა, სათბურისათვის სადრენაჟო სისტემისა და ქარამრიდი ნაგებობის მოწყობა ეს ის კონკრეტული საკითხებია, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ფერმერმა არ უნდა გადაწყვიტოს. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ საქართველოში ფერმერების მიერ თვითნებურად, სპეციალისტის რჩევების გარეშე დაწყებული საქმეები ხშირად კრიზისს განიცდიან და ზარალით მთავრდება“, – აცხადებს სანაია.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,დაუშვებელია სათბურის განლაგება ქარებისგან დაუცველ ადგილას, რადგან ძლიერი ქარები არა მარტო აცივებენ სათბურს და ზრდიან სითბოს დანაკარგებს, არამედ აზიანებენ სათბურის საფარსაც. სასათბურე მეურნებისთვის გამოუსადეგარია, აგრეთვე, დატბორილი და დაჭაობებული ადგილები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები