სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში 3 პირი დააკავა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მათ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.
“აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა”,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც სასჯელის სახით 6 – დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.