ლეგენდა სააღდგომო ირემზე და სასწაულმოქმედი სტელა, რომელიც სურვილებს ასრულებს – ერთი სოფლის უჩვეულო ისტორია
ლეგენდა სააღდგომო ირემზე აქ ყველამ იცის. იციან, იმ სასწაულმოქმედი სტელის შესახებაც, სადაც სამჯერ გაძრომა და რწმენა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს სურვილები აუხდეს. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგითხროთ, მაგრამ ის ძალიან ძვირფასია არლის მცხოვრებთათვის და საკუთარი კარმიდამოსავით უფრთხილდებიან მას.
არლის შესახებ ისტორია აბასთუმანში შვებულების გატარებისას შევიტყვე და არ შემეძლო, სამცხე-ჯავახეთიდან ისე წავსულიყავი, რომ ამ უჩვეულო ამბისთვის და სოფლისთვის გვერდი ამევლო…
სოფელი, სადაც სასწაულების კიდევ სჯერათ, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს და ადიგენის მუნიციპალიტეტშია.
ჩავედი თუ არა, მივხვდი, რომ შემიყვარდა ეს ულამაზესი და მშვიდი სოფელი, აი, ისეთია, ყველა „გამარჯობა“ სიყვარულს რომ ატარებს და ახალი, საინტერესო ურთიერთობის დასაწყისად ითვლება…
ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ერთ დროს მჭიდროდ დასახლებული სოფელი იქნებოდა. დღეს კი, ალბათ, როგორც საქართველოს არაერთი რეგიონი, ისიც დაცლილია ახალგაზრდებისგან.
მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ ოდითგანვე კათოლიკური მრწამსის იყო. ლეგენდა სააღდგომო ირემზეც სწორედ კათოლიკურ ეკლესიას უკავშირდება და ტაძრის ძებნაც დიდხანს არ დამჭირვებია – გიდობა მხცოვანმა ქალბატონმა ლილი თათეშვილმა, 5 წლის ცნობისმოყვარე მარიამმა და კიდევ რამდენიმე არლელმა ბავშვმა გამიწია.
ლილი ბებომ, რომელსაც სოფელი ტაძრის გასაღებსაც კი ანდობს, მომიყვა, რომ არალში დღეს ადრეული შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიაც არის და – უფრო გვიანდელ საუკუნეებში აგებულიც.
მითხრა: დაახლოებით ათი წელია რაც აქ მართლმადიდებლური ტაძარიც ფუნქციონირებს, მაგრამ სოფელში, ძირითადად, კათოლიკე ქრისტიანები ცხოვრობენო და დააყოლა – ეჰ, შვილო, ჩვენ, ყველანი ქრისტიანები ვართ, მთავარი რწმენა და სიყვარულიაო, ის კი ან გაქვს ადამიანს, ან – არაო. ეს კი თავისთავად ადამიანური ბედნიერების საზომიც არის და განმსაზღვრელიცო.
სააღდგომო ირმის ლეგენდის ამბის მოთხრობა კი, ლილი ბებომ ტაძრის მოძღვარს – მღვდელმთსახურ მამა ზურაბ კაკაჩიშვილს მიანდო.
ორი წელია, რაც კაკაჩიშვილი ამ ეკლესიის წინამძღოლია, წარმოშობით ვალედან არის და უჩვეულო თქმულება მანაც გადმოცემით იცის. მამა ზურაბმა ტაძრის კარიც და გულიც ფართოდ გამიღო, არც დრო დაინანა და მიამბო:
„სახელწოდება „ირმის ეკლესია“ გარკვეულ ლეგენდას უკავშირდება. სავარაუდოდ, ის VI-VII საუკუნეებშია აგებული, თუმცა, ზოგი თვლის, რომ IV საუკუნისაა. მისი ისტორია ბოლომდე ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სასწაულმოქმედი ქვა – სტელა, რომელიც ეკლესიის ეზოშია, დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევა და ოფიციალურად VII საუკუნით თარიღდება.
ახლა მოგიყვებით, თუ რატომ ჰქვია ტაძარს ირმის ეკლესია. გადმოცემით ვიცით, რომ ეს ეკლესია თავის დროზე უშველებელი ყოფილა. ამბობენ, ისეთი მაღალი იყო, მზე რომ ჩადიოდა, მისი წვერის და ჯვრის ჩრდილი შუა სერის მთაზე გადადიოდაო.
ამას ადგილობრივები უფრო კარგად მიხვდებიან, რადგან არლის შესასვლელში მდებარე ეს მთა თავისთავად უზარმაზარია – ძნელი წარმოსადგენია, რამხელა უნდა ყოფილიყო ტაძარი, რომ იმის წვერს ამხელა სივრცე დაეჩრდილა….
ლეგენდა ამბობს, რომ „ირმის ეკლესიაში” უამრავი მლოცველი იყრიდა თავს, მათ შორის, მეზობელი სოფლებიდანაც… თურმე, ყოველი აღდგომის დღეს, წირვის შემდეგ ტაძრიდან გამოსულ ხალხთან თავად მიდიოდა ირემი. ეკლესიის დაბლა, წყაროსთან ახლაც არის პატარა ხევი – მიდიოდა იქ და ისვენებდა, წყალს დალევდა და ელოდა მორწმუნეებს, როდის დაასრულებდნენ წირვას, რომ დაეკლათ… თქმულების თანახმად, ასე მეორდებოდა მრავალი წლის განმავლობაში.
ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც წირვა დამთავრებულა, კათოლიკეები გამოსულან ეკლესიიდან და გარეთ ირემი აღარ დახვედრიათ. როგორც ჩანს, აგვიანდებოდა, ხალხი კი იდგა და ელოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩენილა და არლელებისთვის უთხოვია – ცოტათი დამასვენეთ, წყალს დავლევ და მერე დამკალითო… არ დაუჯერებიათ სოფლის მაცხოვრებლებმა და მაინც დაუკლავთ ის.
ჰოდა, დაუწყევლია ამ ირემს ტაძარი, უთქვამს – ამ ეკლესიის პირი აღმა იყოს, ძირი კი დაღმაო. ამის შემდეგ ტაძარი მალევე დანგრეულა და მისი მცირე ნაწილიღა შემორჩენილა…
თქმულების თანახმად, რომელიღაც საუკუნეში სოფელი მართლაც განადგურებულა და ცოცხალი არავინ დარჩენილა, ვინც ამ ისტორიას თაობებს ზუსტად შემოუნახავდა.
გარკვეული წლების შემდეგ ხალხი აქ ისევ დასახლდა. ლეგენდა კი შემორჩა და ტაძარს „ირმის ეკლესია“ დაარქვეს.
სხვათა შორის, მას არაერთი სასწაული უკავშირდება. რამდენიმეს მოგითხობთ:
საბჭოთა პერიოდში, როდესაც არლის ძირითადი წმიდა იოსების სახელობის კათოლიკური ეკლესია დაკეტილი იყო (კომუნისტები მას ხორბლის და სხვა მოსავლის შესანახად იყენებდნენ), თურმე, თვითონ სოფლის მოსახლეობამ მოისურვა, ჰქონოდათ ტაძარი. თავისი ძალებით აღუდგენიათ აქაურობა და, იმის მიუხედავად, რომ იმ წლებში აქ მოძღვარი არ ჰყავდათ, მღვდელმსახურის გარეშე მოდიოდნენ და ლოცულობდნენ.
დღეს ტაძრის შიდა ინტერიერი სწორედ საბჭოთა პერიოდში ხალხის მიერ აღდგენილი ფორმით არის წარმოდგენილი. ხატები და საეკლესიო აქსესუარებიც, ძირითადად, ადგილობრივი და მეზობელი სოფლებიდან სხვადასხვა დროს ჩამოსული მორწმუნეების შემოწირულობებს წარმოადგენს. ჩვენ შეგნებულად არ შევცვალეთ მისი სახე და შევინარჩუნეთ ის ამ ფორმით.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ირმის ეკლესია სოფლის მთავარ კათოლიკურ ტაძრად არ ითვლება, წირვაზე აქ დღეს გაცილებით მეტი მორწმუნე მოდის…
რაც შეეხება სტელას, ნამდვილად არის სასწაულმოქმედი, დანამდვილებით არავინ უწყის, რომელ საუკუნეს მიეკუთვნება, მაგრამ არლელებმა ზუსტად იციან, რომ თუკი წმინდა ქვის ღრმულში სამჯერ გაძვრებიან და სურვილს ჩაიფიქრებენ, აუცილებლად აუსრულდებათ. რა თქმა უნდა, აუცილებელია რწმენა და მორწმუნეებმა ამ დროს უნდა ილოცონ – ათჯერ უნდა წაიკითხონ „მამაო ჩვენო” და ამდენჯერმე – „გიხაროდენი”.
სტელას ღრმული, ერთი შეხედვით, ვიწრო ჩანს, მაგრამ აქ ყველა ზომის ადამიანი ეტევა.
სხვათა შორის, ადგილობრივი უხუცესებისგან მოვისმინე, რომ აქ ასეთი სასწაულიც მომხდარა: ტაძრის აღდგენის შემდეგ, თურმე მას კომუნისტებისგან ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა. ისინი სულ ფხიზლობდნენ, რომ საბჭოთა რეჟიმის დამცველებს ეკლესიისთვის არ ევნოთ. ხალხს აქ მორიგეობაც კი დაუწესებია.
ერთხელ, მოულოდნელად 3 მამაკაცი მისულა. მათ ტაძრის უხუცესი მცველები დახვედრიან. და უკითხავთ მისვლის მიზეზი… მამაკაცებს განუმარტავთ, რომ რაიკომიდან გამოაგზავნეს და სტელა მუზეუმში უნდა წაეღოთ.
შეწუხებულან მორწმუნე უხუცესები და ახალგაზრდებისთვის შეუხსენებიათ, რომ ბოძი სასწაულმოქმედია, გაუფრთხილებიათ, მისთვის ხელის ხლება არ შეიძლებაო, რაღაც ცუდს დაგმართებთო… სამიდან ორ მამაკაცს შეშინებია. მესამეს კი გაფრთხილება არაფრად მიუჩნევია და უთქვამს: ამ ქვამ რა უნდა მიყოს, შეხედეთ, ერთი ჩვეულებრივი ბოძია, მოვხსნათ და წავიღოთო… ასე მარტივად 5-6-ტონიან სტელას ხომ ვერ მოერეოდნენ, ამიტომ ამწის მოსაყვანად მანქანით წასულან… გაზაფხული იყო და მდინარე ადიდებული მოდიოდაო, ჰოდა, ეს მანქანა ხევში გადავარდნილა და ის ორი, ვისაც სტელის მოხსნის შეშინებია, გადარჩენილა, უვნებლად გამოუცურავთ ნაპირზე, მესამე ახალგაზრდა კაცი კი ადგილზე დაღუპულა. როგორც უხუცესები ამბობენ, ამ შემთხვევის შემდეგ „ირმის ეკლესიაში“ რაიკომიდან აღარავინ გამოჩენილა.
სასწაულმოქმედ სტელას ყოველწლიურად უამრავი ადამიანი აკითხავს, ზოგს ოჯახური პრობლემა აქვს, ზოგსაც – ჯანმრთელობის – ყოფილა შემთხვევები, როცა ძელის ღრმულში გაძრომის შემდეგ უშვილოებს შვილი შესძენიათ… მე თვითონ ვიცნობ ამ სოფლის მკვიდრს, რომელიც ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ინსულტით დაავადდა და ნახევარი სახე „წართმეული” ჰქონდა… თავად მომიყვა, როგორ რცხვენოდა სტელის ქვის ქვეშ გაძრომის. მეუღლის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, საღამოს საათებში (ხალხს რომ არ შეემჩნია), მისულა ეკლესიაში და გამძვრალა ღრმულში, იმ წუთიდან გამოჯანმრთელებულა ეს კაცი“…
მამა ზურაბმა მსგავსი არაერთი ისტორია მომიყვა და დასასრულს მითხრა, რომ ამ მოკრძალებული ტაძრის მთავარი სიმდიდრე – რწმენაა.
ალბათ სწორედ ამ რწმენამ კიდევაც გადაარჩინა და კიდევაც შემოგვინახა ეს მესხური სოფელი.
ამბობენ, არალი მრავალი საუკუნის წინ სოფელს იმიტომ დაერქვა, რომ თათრების შემოსევისას ადგილობრივ მამაკაცებს ქალები გაუხიზნავთ, აქ მისული მტრისთვის კი უთქვამთ – ქალები აქ არარი, არარიო…
მხოლოდ მაშინ, როდესაც თათრის ლაშქარი სოფლიდან წასულა, მაღალი გორიდან დაუნახავთ ულამაზესი მესხი ქალები – აქ კიდევ დავბრუნდებითო, დაუქადნიათ შორიდან, მაგრამ, ჩანაფიქრი ვეღარ განუხორციელებიათ.
არის თუ არა ეს ისტორია, თუ მხოლოდ თქმულებაა, არც ეს იცის ვინმემ დანამდვილებით, მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ არლელებს სჯერათ თავისი ლეგენდების და გმირების. უყვართ პატარა „ირმის ეკლესია”, სასწაულმოქმედი სტელა და დღესაც იცავენ მას.
ალბათ, თითოეული ასეთი ამბავი რაღაცას გვასწავლის, რაღაცას ან ვიღაცას გვიტოვებს… მე პირადად არლიდან წამოსულს, საინტერესო ამბებთან ერთად ის ახალგაცნობილი ადამიანები „გამომყვნენ“, თავიანთი სამყოფი ბედნიერება – სიყვარული და რწმენა ასე უშურველად რომ გამინაწილეს…
ქეთი ხოსიტაშვილი
წყარო: http://kvira.ge/