მარწყვი და კორონავირუსი – იდეა, რომელმაც ბიზნესი გადაარჩინა

ნანა ფიფიამ მარწყვის მოყვანა-კულტივაცია, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2012 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში დაიწყო.

თავდაპირველად, მოსავალი ღია გრუნტზე მოჰყავდა. გარკვეული გამოცდილებისა და კაპიტლის დაგროვების შემდეგ, ასევე, USAID-ის დახმარებით, 2018 წელს 4 ათას კვადრატულ მეტრზე სათბურები მოაწყო. ბიზნესი საკმაოდ წარმატებული და შემოსავლიანი გამოდგა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. იმის გამო, რომ მარწყვით, ძირითადად, საკონდიტროებს, კაფეებსა და რესტორნებს ამარაგებდა, გასაღების ბაზარი, ფაქტობრივად, დაიკარგა.

როგორც ნანა ფიფია გვეუბნება, იყო საშიშროება, რომ რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ტონობით მარწყვი გადასაყრელი გახდებოდა. თუმცა გამოსავალი მალევე გამოჩდა. ალღოიან ბიზნესმენს მხსნელად ადგილზე მიტანის სერვისი მოევლინა. თუმცა პრობლემა აქაც შეიქმნა. ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები წამოწყების რეალიზაციის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ, როგორც ნანა ფიფია გვეუბნება, საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურისგან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტი) მალევე მიიღო და პრობლემაც მოიხსნა.

გაამართლა თქვენმა წამოწყებამ? ადგილზე მიტანის სერვისს ვგულისხმობ

ძალიან. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ რესტორნებისა და საკონდიტროების ჩანაცვლება გაჭირდებოდა, თუმცა  შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა – დღეში, დაახლოებით, 100 კილოგრამამდე მარწყვს ვყიდი. მომხმარებელი ნამდვილად არ მაკლია, შიში მქონდა იმისაც, რომ ტრანსპორტით სარგებლობის უფლებას ვერ მივიღებდი, მაგრამ, მოლოდინის საპირისპიროდ, შესაბამისი საშვი მიმართვიდან ხუთ წუთში მომცეს.

საიდან იღებთ შეკვეთებს?

ძირითადად, ზუგდიდიდან და ახლომდებარე სოფლებიდან.

რა უჯდება თქვენს მომხმარებელს თვენი სერვისი და მარწყვი ერთად?

10 ლარი ერთი კილოგრამი.

სათბურს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებთ, რა რაოდენობის მოსავალი მოგყავთ?

კი, მთელი წლის გამავლობაში ვმუშაობთ. ფაქტობრივად, არ ვჩერდებით, ერთი სათბურიდან რომ მოილევა მოსავალი, შემდეგ მეორეში მოდის და ასე ციკლურად. ზუსტად ერთი წლის განმავლობაში რამდენი ტონა მარწყვი მოგვყავს, არ ვიცი. მაგრამ 100 ტონას ნამდვილად გადააჭარბებს.

ერთი სათბურის გამართვა, ვთქვათ, 1000 კვადრატულ მეტრზე რა ჯდება?

ნერგებითა და სარწყავი სისტემით ერთი ცელოფნიანი სათბურის მოწყობას 1000 კვადრატზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარი სჭირდება.

ამ თანხის ამოღება რამდენ ხანში მოხერხდება?

სამი ტონა მარწყვი დავკრიფე ახლა მხოლოდ ერთ ჯერზე. მარტიდან მაისამდე უკვე დაფარულია ყველა ხარჯი. ძალიან მომგებიანი ბიზნესია, თუ შრომას არ დაიზარებ, სწორად შეაფასებ რისკებს და მცენარესაც სწორად მოუვლი. გარკვეული აგრონომიული გამოცდილებაც საჭიროა, თუმცა ამის სწავლაც შეიძლება. ორი ამოცანა უდგას ფერმერს – ბევრი მოისხას მცენარემ და ბევრი გაყიდოს.

დასაქმებული თუ გყავთ ვინმე?

მყავდა 5 ადამიანი, თუმცა, კორონავირუსის გამო, დავიტოვე ორი. ძირითადად, მე და ოჯახის წევრები ვსაქმიანობთ.

რა ჯიშის მარწყვია, აქვს ამას მნიშვნელობა?

როგორ არა. მე ღია გრუნტის მარწყვი შევიტანე სათბურში და გაამართლა. ნერგებსაც ვყიდი, თუმცა ვარიგებ კიდეც. მომგებიანი ბიზნესია და მინდა, რომ ამ საქმით ბევრი დაკავდეს. ერთი ძირი ისხამს, დაახლოებით, სამ კილოს, ანუ სადღაც 60 ცალ ნაყოფს და ეს ყოველ 10 დღეში მეორდება. ჯიშის სახელი კი ჩემი საიდუმლოა.

ექსპორტზე თქვენი მარწყვის  გატანას ხომ არ გეგმავთ?

არა, ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ, ექსპორტს უფრო დიდი მოცულობები და გარკეული ლოჯისტიკური გამოცდილება სჭირდება, ჯერჯერობით, ამისთვის მზად არ ვართ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები