გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფრთხილად გავხსნათ საზღვრები
“დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის, დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვების მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება.
„ჩვენი თითოეული ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, „რეისები რატომ გადადეთ” – მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში არის სერიოზული აფეთქება ბევრგან და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული, ჩვენს თითოეულ პარტნიორსა და ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი და ყველანაბიჯი გამოწვეულია ადამიანის ჯანმრთელობითა და იმ მიღწევებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, როდესაც რეგიონისგან განსხვავებით ჩვენი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრით არის განსაზღვრული მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში ასობით არის ყოველდღიურად. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრებისა და საკარანტინე მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.