“მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები თავის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა”

“მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები თავის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ” შეძლო და, რაც  უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება. გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ ყოვლისა, მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო.

„ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას: ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და, საბოლოოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას, პირველი – ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ”, რაც  უნდა რთული ყოფილიყო სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწრო პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, მეტსაც ვიტყვი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები