თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გორელი გოგოს გარდაცვალებაში მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 წლის გორელი ეთერ მეტივიშვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად არასწორად ჩატარებულ ნაღვლის ბუშტის ოპერაციას ასახელებენ და საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ.
როგორც გარდაცვლილი ქალის დედა გიული მეტივიშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბრობს, მისი შვილი ჯანმრთელი იყო, თუმცა ხარვეზებით ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ ფატალური შედეგი გამოიწვია.
“ექიმმა დაუშვა შეცდომა, რის გამოც ჩემს შვილს დაეწყო ძლიერი ტკივილები, დაგვიბარეს კაბინეტში და გვითხრეს, რომ თქვენი შვილის მდგომარეობა ურთულესია და ოპერაციის მსვლელობის დროს ორჯერ გაუჩერდა გული. ძალიან მაინტერებს გულის გაჩერება რის შედეგად მოხდა, როდესაც ჩემს შვილს ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა. დაუშვეს შეცდომა ექიმებმა და ერთი კვირის განმავლობაში ტანჯავდნენ ჩემს შვილს . გუშინ მოვითხოვე რეანიმაციაში შესვლა და ჩემი შვილი მკვდარი იყო“, – ამბობს გიული მეტივიშვილი.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ გოგიჩაიშვილმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას საავადმყოფოში მიყვანის დროს ეთერ მეტივიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმა განმარტა, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ამის შემდეგ გახდება ცხადი ყველაფერი. ამ დროისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით“, -განაცხადა თამარ გოგიჩაიშვილმა.