ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს, სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ ედებათ.
ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.